მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს ირაკლი კობახიძის დამოკიდებულებაა" - მდინარაძე მთავრობის ადმინისტრაციის წინ ღობის დემონტაჟზე

მთავრობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ირგვლივ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გავლებული ღობის აღება ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებაა, რაშიც თავიდან ბოლომდე ეთანხმება.

მთავრობის ადმინისტრაციის წინ არსებულ ღობეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ხსნიან.

„ეს ღობე გამოიყენება, არ გადააგდებენ, ჯართში არ ჩააბარებენ... გამოიყენებენ, არ ინერვიულოთ დანიშნულებისამებრ, სადმე, სადაც საჭირო იქნება. ეს არის ირაკლი კობახიძის დამოკიდებულება, მისი გადაწყვეტილება, რომელსაც თავიდან ბოლომდე ვეთანხმები. თქვენ ნუ მონათლავთ დაპირისპირებად თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს. იმ შემთხვევაში, თუ თითოეული გადადგმული ნაბიჯი არ დაემთხვევა წინა პრემიერის ნაბიჯს, რადგან არ შეიძლება, რომ ნებისმიერი ადამიანი, ასეთ დეტალებში ემთხვეოდეს ერთმანეთს. არ შეიძლება ისეთი მკაფიო სპეკულაცია, რომ როგორც კი მარჯვნივ იხედებოდა ღარიბაშვილი და მარცხნივ გაიხედა კობახიძემ - ეს დაპირისპირებად მონათლოთ. იმ ადამიანმა მიიჩნია, რომ ეს იყო საჭირო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტების ჩაკითხვის საპასუხოდ დასძინა, რომ ღობის მოწყობისთვის დახარჯული თანხების მიზნობრიობა არ დაიკარგება და იმ დაწესებულებას გადაეცემა, რომელსაც სჭირდება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ სკვერის მოწყობის შესახებ ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, ჯერ კიდევ 2023 წლის აპრილის დასაწყისში გავრცელდა. ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციის წინ იქ, სადაც საპროტესტო აქციები იმართებოდა, სკვერი მოეწყობოდა. მთავრობის ადმინისტრაციის წინ ღობე რამდენიმე თვეა რაც აღიმართა, რომლის დანიშნულების შესახებაც სხვადასხვა მედიასაშუალებებს მთავრობის ადმინისტრაციაში არ პასუხობდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები