„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პრემიერის კანდიდატურაზე ირაკლი კობახიძის წარდგენის შესაძლებლობას ადასტურებს და იმ პროცედურებს განმარტავს, რომლითაც მთავრობის ახალი მეთაური და მინისტრთა კაბინეტი უნდა დამტკიცდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ ისაუბრა.
„რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, დღეს გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა განიხილება მისი კანდიდატურა, მე ამას დაგიდასტურებთ, ოღონდ ჩვენ უნდა ვთქვათ, ის იქნება პასუხისმგებლიანი წინადადება. ბატონმა ირაკლიმ [ღარიბაშვილმა] შეგნებულად არ ახსენა ირაკლი კობახიძის სახელი და გვარი, რადგან ეს ფორმალობა რეალურ ასპექტშიც დასაცავია, ეს არის წესი, რომლის მიხედვითაც პარტიის წესდების მიხედვით, საპატიო თავმჯდომარე პოლიტსაბჭოს წარუდგენს დასამტკიცებლად, რის შემდეგაც ის ხდება პრემიერობის კანდიდატი.
ამის შემდეგ მისი კანდიდატურა, თავმჯდომარის ხელმოწერით წარედგინება პარლამენტს, სადაც გაიმართება ჯერ კომიტეტების სხდომები, შემდეგ კანდიდატი და მისი მთავრობის შემადგენლობა შეხვდება როგორც ოპოზიციას ასევე უმრავლესობას და ამის შემდეგ მოხდება პარლამენტის მიერ კენჭისყრა. ყველა ის პროცედურა, როგორც პარტიული წესდებით გათვალისწინებული დასაცავია და გინდ ფორმალური დაარქვი და გინდ რეალური. ამიტომ დღეს ფორმალურად იმაზე საუბარი, რომ ვინმე არის კანდიდატი, ამ ფორმალური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის. კანდიდატი იქნება მას შემდეგ, რაც საპატიო თავმჯდომარე მას პოლიტსაბჭოს წარუდგენს, პოლიტსაბჭო დაამტკიცებს და პარლამენტს წარუდგენს“, - განმარტა მამუკა მდინარაძემ.