საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ ახალი სახელფასო პოლიტიკის შემუშავებით, მასწავლებელთა მრავალწლიან მოთხოვნას უპასუხეს. ამის შესახებ მან TV „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ყველგან ვამბობდით, რომ სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებელთა ხელფასის ზრდა იქნებოდა საშუალოდ 500 ლარი, თუმცა ფორმულის შესაბამისად მივიღეთ არაჩვეულებრივი ციფრები“, - თქვა გიორგი ამილახვარმა.
ვის რამდენით მოემატება ანაზღაურება 1 ივლისიდან? - მასწავლებელთა ხელფასის ზრდის ფორმულა ცნობილია
მინისტრის განმარტებით, 52 000 სტატუსიანი მასწავლებლიდან 70%-ს, საშუალოდ, მინიმუმ 500 ლარით და მეტად ეზრდება ხელფასი. 20-25%ს საშუალოდ - 300 ლარით, ხოლო დაახლოებით, მასწავლებლების 5%-ს, რომელთაც შესაძლოა, ახალი სახელფასო ფორმულის შედეგად, დააკლდეთ ანაზღაურება, არსებული ხელფასი ორი წელი შეუნარჩუნდებათ და 200 ლარიც დაემატებათ.
„ჩვენ ამოვედით თითოეული პედაგოგის ინტერესიდან. არადა მარტივად შეგვეძლო არაფერი შეგვეცვალა და არსებული სისტემა დაგვეტოვებინა, რითაც ბიუჯეტი 200 მლნ ლარს დაზოგავდა“, - თქვა მინისტრმა „იმედთან“ ინტერვიუში.
„რა არის ახალი სახელფასო პოლიტიკის შეცვლის უპირატესი ამოცანა? - ჩვენ გვინდოდა მასწავლებელთა მრავალწლიან მოთხოვნაზე გვეპასუხა, რომ აგვერიდებინა ისინი ე.წ. პორტფოლიოებზე ფიქრზე, ე.წ. უნარების გამოცდაზე, ე.წ. სტატუსის მოპოვებაზე. პედაგოგები პირდაპირ ამბობდნენ - მოგვაშორეთ ეს ბიუროკრატია, მოგვეცით ღირსეული ანაზღაურება თუ მე ჩემი საგნის კომპეტენცია მაქვს დადასტურებული და მოგვეცით საშუალება, დავბრუნდეთ საკლასო ოთახში, რათა მეტი დრო დავუთმოთ ჩვენს გაკვეთილს, აკადემიურ მოღვაწეობას და ბავშვებთან ურთიერთობას, რაც არის მთავარი გარანტი განათლების ხარისხის ამაღლების. მეც ვამბობ, რომ არავინაა ჩვენი ზოგადი განათლების შედეგებით კმაყოფილი და ამას რად უნდა ჩემი თქმაც, როცა საერთაშორისო კვლევები ქვეყნდება უკვე მერამდენე წელია და სამწუხაროდ, მინიმალური გაუმჯობესება გვაქვს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავარი, რასაც საზოგადოება გვიკვეთავს, არის ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლება და ჩვენ ვერ ვიზამთ ამას, თუ ყველაზე მთავარ აქტორს - მასწავლებელს - არ მივცემთ სამართლიან შრომის ანაზღაურებას, მიუხედავად სტატუსისა“, - აცხადებს გიორგი ამილახვარი.
განათლების მინისტრმა „იმედთან“ ინტერვიუში კრიტიკოსების იმ ნაწილსაც უპასუხა, მათ შორის მასწავლებლებს, რომელთაც კითხვები აქვთ კარიერული განვითარების მოდელზეც, რომელსაც ახალ სახელფასო ფორმულასთან ერთად ელოდნენ.
„რაც შეეხება კარიერული განვითარების ე.წ. სქემას, მოდით ვაღიაროთ, ესეც მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს, ამიტომ ახალი სახელფასო პოლიტიკის პარალელურად, სისტემას ეძლევა გონივრული დრო და ვადა, რომ კარიერული განვითარების ახალ სქემასა და მოდელზე იმუშაოს, მაგრამ ჩვენ ამას არ ველოდებით და წინმსწრებით ნდობა გამოვაცხადეთ ყველა პედაგოგს, ყველას მივეცით ღირსეული ანაზღაურება“, - განაცხადა მინისტრმა.