მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება - ამილახვარი პედაგოგებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

ამილახვარი

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად, 200-ზე მეტი მასწავლებელი, მათ შორის, 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულებიც ესწრებოდნენ.

განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს კონკურსში მონაწილეობის მიღებას უფრო მეტი პედაგოგი შეძლებს. მისივე ინფორმაციით, 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 22 აპრილის დაიწყება 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

„გასულ წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული და ღირსეული პროფესიის დაფასებისთვის მასწავლებლის ეროვნული დღე დავაწესეთ, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს ყოველწლიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.

კონკურსი წინა წელს პირველად ჩატარდა და მასში მასწავლებლების ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო. წელს, უკვე რიგით მეორე კონკურსისთვის ვემზადებით და 22 აპრილიდან ვიწყებთ პირველ ეტაპს – განაცხადების მიღებას.

2024 წლის კონკურსი უფრო მასშტაბური იქნება – ჩაერთვება კიდევ უფრო მეტი პედაგოგი და საბოლოო ღონისძიებამდე საქართველოს ყველა რეგიონში და მუნიციპალიტეტში სხვადასხვა წინასწარი აქტივობა გაიმართება, რაც უზრუნველყოფს კონკურსის მიმდინარეობის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობას.

მოვუწოდებთ ყველა პედაგოგს, რომ იაქტიურონ. წელს გარკვეული სიახლეები გვექნება. კერძოდ, კონკურსი შინაარსობრივად მეტად დატვირთული იქნება. ჩვენ, სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან ერთად, მასწავლებელთა მხარდაჭერას ვაგრძელებთ და მათი პროფესიის დაფასების მიზნით, არაერთი ნაბიჯის გადადგმას.

აღსანიშნავია, რომ წელს, ისევე, როგორც შარშან, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, სპეციალურად შერჩეული კომისიის მიერ, გამარჯვებულები გამოვლინდება, რომელთაც მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემათ“, - აცხადებს ამილახვარი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვრის ინიციატივით, გასულ წელს, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია დაწესდა.

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება. ამასთან, ყოველწლიურად საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები