მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მათ განცხადებებს ნულის ფასი აქვს” – კალაძე EU-ის ქვეყნების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს პასუხობს

თბილისის მერია
11.11.24 15:00
752

თბილისის მერი კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს პასუხობს და აცხადებს, რომ მათ განცხადებებს ნულის ფასი აქვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე - თუ რატომ არ ხვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს.

„ჩვენ რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების განცხადება, რომ საქართველოს მთავრობის წევრებს არ შეხვდებოდნენ. ეს საბჭოური მიდგომაა, ეს დამოკიდებულება მოდის ამ რადიკალებისგან, რომელთა ნაწილი დღეს საქართველოშია და ნაწილის განცხადებებს ვისმენდით გარედან. იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პატივს არ სცემენ ჩემს ქვეყანას, ჩემს სამშობლოს, ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, მე მაქვს სხვა დამოკიდებულება. მათ განცხადებებს, მათ ქმედებებს აქვს ნულის ფასი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპელი მაღალჩინოსნები ღიად ცდილობენ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას. მისი თქმით, მათ საქართველოს მოსახლეობას თავი სიცრუით დაამახსოვრეს.

„ესენი არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ, ხან სხვა ქვეყანაში ჩადიან. ჩვენ გვახსოვს მათი ჩამოსვლა, როდესაც ოპოზიციის აქციები იყო, სიტყვით გამოსვლებიც ჰქონდათ. ამ ადამიანებმა რით დაამახსოვრეს თავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას - სიცრუით. იმ სიცრუის პროპაგანდას, რასაც ვისმენდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, დღესაც აგრძელებენ. ყველამ კარგად ვიცით, რას წარმოადგენენ ისინი და როგორც ვთქვი, არანაირი ფასი არ აქვს მათ განცხადებებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული დელეგაციის წევრები პატივს არ სცემენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს.

„ევროკავშირი დაფუძნებულია სხვადასხვა ღირებულებაზე, ერთ-ერთია მშვიდობა. ეს ადამიანები გველაპარაკებიან ევროპის სახელით და ამ დროს ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, დაძაბულობა. არა მხოლოდ ახლა, ადრეც, თუ გავიხსენებთ, რამდენიმე თვის წინ რა განცხადებებს აკეთებდნენ. ჩვეულებრივი მავნებლები არიან, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ეს ადამიანები პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს. მათ განცხადებებს, ქმედებებს, ყველაფერს აქვს ჩალის ფასი. ზურაბიშვილი და სხვა წვრილფეხა პოლიტიკოსები - რადიკალები, რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენენ და ისინი, ვინც გარედან აკეთებენ მსგავს განცხადებებს, ერთნი არიან, ერთი ფრთის ქვეშ არიან და ერთი პატრონი ჰყავთ. ხალხმა ძალიან კარგად დაინახა სრული სურათი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში გარკვეული ცვლილებები უკვე დაიწყება და ეს საკმაოდ საინტერესო პროცესი იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს, თბილისის მერი პასუხობს, რომ ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი იძლევა და არა სხვა ქვეყნების მაღალჩინოსნები.

„რაც შეეხება ლეგიტიმაციას, მას იძლევა ქართველი ხალხი. მე მესმის, რომ რადიკალებისთვის ქართველი ხალხი არაფერს წარმოადგენს, ისინი ყველა ერთი ფრთის ქვეშ არიან და ერთი პატრონი ჰყავთ, იმართებიან გარედან. არც საკუთარ თავს ეკუთვნიან, არც საკუთარ ოჯახს, არც ამ ქვეყანას, მათ სხვა ინტერესები აქვთ, თუმცა, ერთი რამ ცხადია - ლეგიტიმაციას იძლევა ქართველი ხალხი. შესაბამისად, მადლობა იმ 1 120 000 ადამიანს, ვინც ღირსეულად დადგა, მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას, წინსვლას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები