ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობაში არსებული „მძიმე და ტრაგიკულამდე მისული მდგომარეობა“ და ევროპულ ბიუროკრატიაში მიმდინარე პროცესები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თავად ევროკავშირის ეკონომიკურ ინტერესებსაც ზიანს აყენებს.
„ყველამ იცით, რომ ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე, ტრაგიკულამდე მისული მდგომარეობა. პირდაპირ მხარს უჭერენ საქართველოში რევოლუციების მოწყობის მცდელობებს. ეს უნდა შეიცვალოს,“ – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, პრობლემები ბრიუსელის ბიუროკრატიულ გადაწყვეტილებებიდან მოდის და ამით ზარალდება ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესები, რომელთა შორის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.
„ბოლომდე ელჩსაც ვერ დავადანაშაულებთ ამაში – ვიცით, რომ ეს არ არის პერსონალურად მისი გადაწყვეტილება. არის მძიმე მოვლენები, რომლებიც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს,“ – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ევროკავშირის ეკონომიკური მდგომარეობა გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე დაძაბულია, რის გათვალისწინებითაც, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ობიექტურად უნდა წარმოადგენდეს მათ ინტერესს.
„ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია, რომ საქართველოსთან გააღრმაოს პარტნიორობა და ეკონომიკური ურთიერთობები, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მძიმედ აწვება ევროკავშირის ეკონომიკას,“ – განაცხადა მან.
კობახიძის თქმით, ევროკავშირმა რეალური სარგებლის მიღების ნაცვლად, საქართველოს მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯების გადადგმა აირჩია, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით მავნებელია როგორც თბილისისთვის, ისე თავად ბრიუსელისთვის.
„ასეთ პირობებში საქართველოსთან თანამშრომლობა ევროკავშირისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა, თუმცა ხედავთ, რომ სხვა მიმართულებით მიდიან.
წარმოიდგინეთ, იმართება სამიტი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ რეგიონის ყველა ქვეყანა – შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები – და ერთადერთი, ვინც არ მიიწვიეს, არის საქართველო... ხედავთ, სადამდე მივიდა ევროპული ბიუროკრატიია კატასტროფაა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირის ყველა შესაბამის წევრ ქვეყანას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის, რამაც ხელი შეუშალა ქართველი ხალხის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
„იცით, რომ იყო მცდელობები სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. თუმცა ეს გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული და მინდა ყველა შესაბამის ევროკავშირის წევრ ქვეყანას გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის. მათი მხარდაჭერის შედეგად რეალურად ქართველი ხალხის წინააღმდეგ სანქციები არ ამოქმედდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კობახიძემ.




























