საქართველოში ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი აცხადებს, რომ „გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მიუღებელია რიტორიკა, რომელიც მას მოჰყვება, თითქოს საქართველოში დახარჯული ფული გაერთიანებული სამეფოს ინტერესებს ემსახურება. ამის შესახებ ელჩმა bm.ge-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„აღნიშნული კანონპროექტის საქართველოს ევროკავშირში გავლენის თაობაზე ჩემმა ევროპელმა კოლეგებმა ისაუბრეს და ამ საუბარში არ შევალ. ის რიტორიკა, რომელიც ამ კანონთან დაკავშირებით არსებობს არანაკლებად მაწუხებს, ვიდრე თავად კანონი. აღნიშნული რიტორიკა მიანიშნებს, რომ ის დახმარება, რომელსაც გაერთიანებული სამეფო და სხვა პარტნიორები საქართველოს აძლევენ, რატომღაც, მხოლოდ ჩვენ გვეხება, თითქოს ისე, რომ გადასახადის გადამხდელების ფული, რომელსაც საქართველოში ვხარჯავთ, გაერთიანებული სამეფოს ინტერესების მხარდაჭერას ემსახურება. ყველაფერი, რასაც გაერთიანებული სამეფო საქართველოში აკეთებს, საქართველოს მიერ ევროკავშირში და NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერას ემსახურება. ვწუხვარ, რომ დღევანდელი ფორმით, ეს კანონი, ჩვენი მხარდაჭერის სტიგმატიზებას მოახდენს და საქართველოს დახმარებაში ხელს შეგვიშლის“, - თქვა ელჩმა.
მარკ კლეიტონმა ინტერვიუში ის მხარდაჭერა და განხორციელებული ღონისძიებების ნაწილი გაიხსენა, რომელიც გაეროს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად სასაზღვრო ზონებში ხორციელდება.
„ამ თემაზე ადრეც მისაუბრია და ბევრიდან ერთ მაგალითს ახლაც გავიხსენებ. გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ქალთა მიერ მართულ უამრავ სამოქალაქო ორგანიზაციას ვუჭერთ მხარს, რომლებიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სასაზღვრო ზონებში მცხოვრებ თვრამეტ მუნიციპალიტეტში მუშაობენ. ამ საქმის მიზანია, მხარი დავუჭიროთ იმ პრიორიტეტებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ასახელებს, ანუ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას და არაღიარების პოლიტიკის გატარებას. ყველაფერი ეს აღქმული იქნება, როგორც უცხოური ძალის მიერ გატარებული სამუშაო, რაც სტიგმატიზებას მოიაზრებს. არადა, მსგავსი არაფერი ხდება - ჩვენი მიზანია, საქართველოს ადამიანების გაერთიანების მთავრობის პრიორიტეტების აღსრულებაში დავეხმაროთ. აი, ეს არის ის რისკები, რომლებსაც ვხედავთ“, - თქვა ელჩმა.
მარკ კლეიტონი აქვს ადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მხარდაჭერის მიმართ პოზიციას არაფერი შეცვლის.
ჟურნალისტი ელჩისგან დაინტერესდა, თუ რაზე ისაუბრეს ელჩებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა:
„ვიცი, რომ საჯარო ცხოვრებაში ელჩების ადგილის საკითხი ახლა აქტიურად განიხილება. მიმაჩნია, რომ შეხვედრები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა იმართება, დახურულ კარს მიღმა უნდა დარჩეს - ეს დიპლომატიური პრაქტიკის ფუნდამენტური დებულებაა, რომელსაც ვემორჩილებით, შესაბამისად დეტალებში არ ჩავალ. თუმცა გეტყვით, რომ ჯანსაღი საუბარი გვქონდა, როგორც კანონპროექტზე, ასევე მის რაციონალურ საფუძველზე და პოტენციურ გავლენაზე“, - თქვა მან.