საქართველოში პირველი მიკრობანკი MBC მომავალ კვირაში 30 მლნ ლარის ღირებულების ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გია პეტრიაშვილმა „საქმის კურსში“ წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების ფონზე მიკრობანკის მიერ ფინანსური რესურსის მოზიდვის შესაძლებლობებს შეეხებოდა.
„მომავალ კვირას ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 30 მლნ ლარის ობლიგაციების გამოშვება ადგილობრივ ქართულ ბაზარზე, რომელსაც ძირითადად ქართული კომერციული ბანკები შეიძენენ“, - აღნიშნა MBC-ის გენერალურმა დირექტორმა.
გია პეტრიაშვილი იმასაც ამბობს, რომ უცხოელ ინვესტორებთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან და ქვეყანაში არსებულ ვითარებას ყველა განიცდის.
„ჩვენ ყოველდღიურ კავშირში ვართ უცხოელ ინვესტორებთან, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად მოვიზიდეთ მათგან სესხები. ჩვენი ურთიერთობა ჯერჯერობით აქტიურად გრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში, რაც მისასალმებელია. კითხვები როგორ არ არის... არის! და ყველა განიცდის იმ მოვლენებს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. იმედი მაქვს, რომ ამას ყოველდღიურ საქმიანობაზე გავლენა არ ექნება“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში წამყვანმა ევროპულმა სარეიტინგო სააგენტომ, Scope Rating-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის საკრედიტო რეიტინგი B პოზიტიური პერსპექტივით შეაფასა (Outlook Positive). აქედან გამომდინარე „საქმის კურსის“ კითხვაზე - ხომ არ გამოიწვევს მიკრობანკის სტატუსის ცვლილება რეიტინგის გადახედვას, გია პეტრიაშვილს დადებითი მოლოდინი აქვს, თუმცა კონკრეტიკისგან თავს იკავებს.
„უახლოეს დღეებში ჩვენ ველოდებით, ჩვენი რეიტინგის კიდევ უფრო ამაღლებას. სავარაუდოდ, გვაქვს მოლოდინი რომ ახალ წლამდე ჩვენ უნდა მივიღოთ B+ რეიტინგი. ეს იქნება აღიარება, რომ ჩვენ საკმაოდ მაღალი სტანდარტი დავაკმაყოფილეთ და სარეიტინგო კომპანიამ აგვიმაღლა რეიტინგი“, - აღნიშნა MBC-ის გენერალურმა დირექტორმა.