გერმანიას COVID-19-ის გავრცელების გამო მიყენებული ზარალის გამო, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის ზარალის ანაზღაურების შესახებ არ მიუმართავს და რიგი მედიასაშუალებების მიერ აღნიშნულის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
15 აპრილს, გერმანულმა ტაბლოიდმა Bild-მა გამოაქვეყნა პირობითი ინვოისი და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისგან მიყენებული ზარალის გამო, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ქვეყნისთვის 149 მილიარდი ევროს კომპენსაციის გადახდა მოსთხოვა.
გერმანული გამოცემის მიერ შედგენილ “ინვოისს”, ქვეყანაში ჩინეთის საელჩო გამოეხმაურა, რომელმაც ჟურნალს ქსენოფობიის გაღვივებაში დასდო ბრალი.
DW-სთან საუბარში, Bild-ის მთავარი რედაქტორი იულიან რაიხელტი ამბობს, რომ როგორც - გერმანულ, ასევე გლობალურ ეკონომიკას კოლოსალური ზიანი მიადგა იმის გამო, რომ ჩინეთმა COVID-19-ის პანდემიის შესაჩერებლად და ვირუსის მახასიათებლების შესახებ სხვა ქვეყნების საქმის კურსში ჩასაყენებლად სათანადო ნაბიჯები არ გადადგა. ამაზე კი, პასუხისმგებლობა სწორედ ჩინეთმა უნდა აიღოს. “ისინი, რა თქმა უნდა, არაფერს არ გადაიხდიან,” - ამბობს რაიხელტი,
149-მილიონიანი ინვოისის შესახებ გასული დღეების განმავლობაში სტატიები დაწერეს სხვა ქვეყნების გამოცემებმაც, თუმცა არაერთი მათგანის, “თარგმანში დაიკარგა” მთავარი ნაწილი, ის რომ აღნიშნული მოცულობის კომპენსაციის გადახდა ჩინეთს არა - გერმანიის მთავრობამ, არამედ ერთ-ერთმა გამოცემამ მოსთხოვა. თავად ეს “ინვოისი” კი, სრულიად პირობითია.




























