მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ემანუელ მაკრონი ევროპის ეკონომიკური გადარჩენისთვის ერთობლივი ვალის აღების ინიციატივით გამოდის

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოდის ინიციატივით, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დიდი რაოდენობის ევრობონდები გამოუშვან, რათა სტრატეგიული სექტორების განვითარება შეძლონ და კონტინენტი კვლავ გლობალურ ძალად აქციონ.

ეს ინიციატივა მაკრონმა 6 სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა. მისი მტკიცებით, აღნიშნული ნაბიჯი დღეს აბსოლუტური ეკონომიკური აუცილებლობაა, რადგან აშშ-დან და ჩინეთიდან მომავალი მზარდი საფრთხეების წინაშე ევროკავშირმა თავის დაცვა და საკუთარი ინტერესების გატარება უნდა შეძლოს.

მაკრონი მიიჩნევს, რომ მაშინ, როცა გლობალური ბაზარი ამერიკული დოლარის მიმართ ნდობას კარგავს, ევროპელმა ლიდერებმა შესაძლებლობით უნდა ისარგებლონ და ინვესტორები თავისი სტაბილური ვალუტით დააინტერესონ. როგორც მაკრონი ამბობს, ევრობონდების გამოშვების შედეგად მიღებული თანხები ევროკავშირმა 6 საკვანძო ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარებას უნდა მოახმაროს. მათ შორისაა: ხელოვნური ინტელექტი, კვანტური გამოთვლითი შესაძლებლობები, კოსმოსის ათვისება, ნახევარგამტარების ინდუსტრია, რობოტექნიკა და თავდაცვა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მაკრონის ინიციატივას კრიტიკულად უყურებენ ევროპელი ანალიტიკოსები. როგორც Politico წერს, მთავარი პრობლემა ამჟამად გაერთიანებაში აზრთა სხვადასხვაობაა. მაგალითისთვის, გერმანია და იტალია, რომელთა მონაწილეობაც მსგავსი ეკონომიკური ნაბიჯის გადადგმაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, მხარს უჭერენ უფრო რბილი, ნაკლებად რადიკალური ეკონომიკური დღის წესრიგის გატარებას. დღის წესრიგის, რომელიც ცალკეული სახელმწიფოების მიერ პირადი ვალდებულებების აღებასა და ეროვნული ინდუსტრიების განვითარებას მოიცავს. გამოწვევად მიიჩნევა ისიც, რომ ემანუელ მაკრონის საპრეზიდენტო მანდატი 1 წელიწადში იწურება. იმის გათვალისწინებით, რომ მისი პარტია მოსახლეობაში პოპულარობას მკვეთრად კარგავს, სავარაუდოა, რომ ევროპელი ლიდერები არ დაეთანხმებიან მაკრონის გრძელვადიან ინიციატივებს. ევრობონდების გამოშვებას და ერთგვარი ერთობლივი ვალის აღებას სკეპტიკურად უყურებენ ჩრდილოეთ ევროპული სახელმწიფოებიც, რადგან ფინანსური რისკების გაზიარება მათ ინტერესში ამჟამად არ შედის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები