მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

McDonald's Corporation-ი სამუშაო ადგილების შემცირებას და რესტრუქტურიზაციას გეგმავს

63b92d11b08a3
თამთა ჯიჯავაძე
07.01.23 12:22
1147
McDonald's-ის სათაო ოფისი სამუშაო ადგილების შემცირებას და რესტრუქტურიზაციას გეგმავს. ამის შესახებ BBC წერს.

McDonald's Corporation-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი კრის კემპჩინსკი აცხადებს, რომ სწრაფი კვების რესტორნების ქსელი მასშტაბური რეორგანიზაციის ფარგლებში არსებული ცალკეული პროექტების გაუქმებას და ახალი რესტორნების გახსნასაც გეგმავს.

ცნობისთვის, McDonald's-ი დაახლოებით 200 000 ადამიანს ასაქმებს სათაო ოფისსა და თავის რესტორნებში, რომელთა 75% ამერიკის გარეთ მდებარეობს.

BBC წერს, რომ რეორგანიზაციის გეგმების შესახებ თანამშრომლებს ოფიციალური შეტყობინება უკვე მიუვიდათ.

„წინ რთული დისკუსიები და გადაწყვეტილებებია. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ ორგანიზაციამ უფრო სწრაფად იაროს წინ მაშინ, როცა გლობალურ დანახარჯებს შევამცირებთ და გამოვათავისუფლებთ რესურსებს ზრდაში ინვესტირებისთვის“,- აღნიშნულია ხელმძღვანელობის წერილში.

ჯერჯერობით უცნობია იმ პოზიციების და პროექტების დასახელება, რომელთა გაუქმებაც იგეგმება.

ახალი სტრატეგიის ფარგლებში, კემპჩინსკი აცხადებს, რომ კომპანიას ახალი რესტორნების გახსნაც სურს, რითიც გაზრდილ მოთხოვნას უპასუხებენ.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ კვების ინდუსტრია მნიშვნელოვნად დააზარალა, McDonald's-მა შეძლო ონლაინ შეკვეთების და სახლში მიტანის სერვისის გაუმჯობესებით სარგებლის მიღება.

გასული წლის 9 თვეში კი McDonald's-ის გაყიდვები 6%-ით გაიზარდა, თუმცა შემოსავლებს უკრაინის ომი დაეტყო, ასევე ამერიკის გარდა, სხვა ქვეყნებში დოლარის გაძლიერებამაც იმოქმედა.

ჩიკაგოში დაფუძნებული რესტორნების ქსელი 160-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია ტოვებს ყაზახეთს, რომლის მიზეზადაც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული პრობლემები სახელდება. რუსეთი კი McDonald's-მა 32-წლიანი ოპერირების შემდეგ, გასული წლის მაისში დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები