მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

MDF განმუხური-ანაკლიის სანაპირო ზოლის განახლების პროექტირების შესასყიდად ბაზრის კვლევას ატარებს

ანაკლია

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის პროექტირების შესყიდვას გეგმავს, რისთვისაც ბაზრის კვლევა გამოაცხადა. ეს მას შემდეგ, რაც აგვისტოში პროექტირებაზე გამოცხადებული პირველი კონკურსი არ შედგა.

ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება) სავარაუდო ღირებულება და ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.

კომპანიებმა წინადადება ბაზრის კვლევის ცხრილის სახით 2025 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წლის აგვისტოში დააანონსა, რომ განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების პროექტზე მუშაობა იწყებოდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტირებისთვის კონკურსიც გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება (დღგ-ს გარეშე) 2.5 მლნ ლარი იყო, თუმცა კონკურსი არ შედგა.

პროექტის მიზანია სარეკრეაციო სივრცის სრულად განახლება და მრავალფუნქციური, ყველა სეზონზე ხელმისაწვდომი სანაპირო ზოლის მოწყობა. ტერიტორიაზე, რომელიც 66.5 ჰექტარს მოიცავს, უნდა შეიქმნას ინფრასტრუქტურა, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები დასვენებისთვის, სპორტული აქტივობებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის. დაგეგმილია სანაპირო ზოლის რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაყოფა: მოეწყობა საბავშვო სათამაშო, საგანმანათლებლო და კულტურული სივრცეები, სპორტული მოედნები, სავარჯიშო და რეკრეაციული ზონები, საფეხმავლო და ველო ბილიკები. განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურული ნაწილი მოიცავს როგორც ახალი ნაგებობების აშენებას, ისე არსებულის რეაბილიტაციას. დაგეგმილია ღია სცენის, დეკორატიული ტბის, განმუხურისა და ანაკლიის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მოწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს კომერციული, შემეცნებითი სივრცეების შექმნას, პერგოლების, ადაპტირებული საზოგადოებრივი სანიტარული კვანძების, ღია საშხაპეებისა და შადრევნების მოწყობას. ამასთან, პროექტი მოიცავს გარე განათების, სარწყავი ქსელის, ელექტრო და წყალმომარაგების, კანალიზაციის, სადრენაჟე და უსაფრთხოების სისტემების მოწყობას.

საგულისხმოა, რომ საფეხმავლო ხიდი მდინარე ენგურზე, რომელიც ანაკლიისა და განმუხურის სანაპირო ზოლებს აკავშირებს, რეაბილიტაციას საჭიროებს. ვისი პასუხისმგებლობად და როდის ჩატარდება ანაკლიის ხიდის რეაბილიტაცია? - ამ კითხვით BMG-მ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართა, სადაც გვითხრეს, რომ ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლის განვითარების პროექტზე გამოცხადებული კონკურსი ვერ შედგა, ამიტომ ვიდრე ახალი კონკურსი გამოცხადდება, ხიდის დროებითი რეაბილიტაცია ადგილობრივმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს.

მუნიციპალური განვითარების ფონდი თავიდან ატარებს ბაზრის კვლევას და შემდეგ ხელახლა გამოცხადდება პროექტის კონცეფციაზე კონკურსი. ამ ხიდის რეაბილიტაციას, ბუნებრივია, ეს პროექტი მოიცავს, თუმცა სანამ დაიწყება პროექტის განხორციელება, ამ ხიდის დროებითი რეაბილიტაცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თემაა“, - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები