შვეიცარიაში საბანკო-საფინანსო კრიზისი, რომელმაც Credit Suisse შეიწირა, დასასრულს უახლოვდება. უახლესი მონაცემებიდან ირკვევა, რომ მდიდარი კლიენტები შვეიცარიულ UBS-ს უბრუნდებიან.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში UBS-ის ქონების მართვის დეპარტამენტმა დამატებით 22 მილიარდი დოლარის აქტივები მოიზიდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შვეიცარიული საბანკო სისტემის მიმართ გლობალური ინვესტორების ნდობა ეტაპობრივად აღდგა.
UBS-ის აღმასრულებელი დირექტორის, სერხიო ერმოტის განცხადებით, ბანკი ასეთი ძლიერი და სტაბილური არასოდეს ყოფილა, რაზეც კომპანიის კვარტალური შედეგებიც მკაფიოდ მიუთითებს.
რაც შეეხება უშუალოდ ფინანსურ შედეგებს, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში UBS-მა 785 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო, რაც 2017 წლის შემდეგ მინუსზე გასვლის პირველი შემთხვევაა, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ეს არ არის საოპერაციო ზარალი და ის პირდაპირ კავშირშია UBS-ის მიერ გაკოტრებული Credit Suisse-ის შესყიდვასთან.
ჰოლდინგის ზარალზე გასვლის მიუხედავად, უშუალოდ UBS-ის საბანკო მიმართულებამ 844 მილიონი დოლარის წმინდა მოგების მიღება შეძლო, რაც ინვესტორებმა დადებით სიახლედ მიიღეს და კომპანიის აქციების ღირებულება ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში 4%-ით გაიზარდა.
შვეიცარიულ საბანკო სისტემასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ერთი ის ფაქტი, რომ UBS-ისა და Credit Suisse-ის პრემიუმ სერვისებით განსაკუთრებით ხშირად სარგებლობდნენ რუსი მილიარდერები, რომელთაც ახლა ევროპულ საფინანსო სისტემასთან წვდომა შეზღუდული აქვთ, რაც UBS-ის ქონების მართვის დეპარტამენტისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ, UBS-მა კატარის ყოფილ პრემიერ-მინისტრს და შეიხს, ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანინს 9 მილიარდი დოლარი ასესხა. ეს UBS-ის მიერ კერძო პირზე გაცემული კრედიტის ერთ-ერთი უმსხვილესი მოცულობაა, რაც ბანკისა და კატარელი შეიხის ურთიერთობას უსვამს ხაზს.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანინს აქტიური ბიზნესკავშირები ჰქონდა UBS-თან, უფრო მეტიც, კატარელი მილიონერების მიერ შვეიცარიულ ბანკში ანგარიშების გახსნა სწორედ ამ ურთიერთობით იყო განპირობებული.
ექსპერტების შეფასებით, $9-მილიარდიანი სესხით UBS-ს კატარის ბაზარზე პოზიციის გამყარება და ქვეყნის უმდიდრესი მოსახლეობის გადაბირება სურს, რადგან, მოგეხსენებათ, ნავთობით მდიდარ ქვეყანაში საკმაოდ მაღალია ულტრამდიდარი შეიხების რაოდენობა, რომელთაც სანდო საბანკო-საინვესტიციო პარტნიორი სჭირდებათ.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.