მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მძიმე ეფექტი ექნება ეკონომიკის განვითარებაზე და დასავლური ინვესტიციების მოზიდვაზე - ქობულია ივანიშვილის სანქციებზე

ქობულია

ის ფაქტი, რომ აშშ-მ ფაქტობრივად ქვეყნის პირველი პირი დაასანქცირა, ძლიერი ნეგატიური სიგნალია დასავლური ინვესტიციებისთვის, - ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილის ფინანსური სანქციების დაწესებას ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია.

როგორც გიორგი ქობულიამ BMG-ის განუცხადა, თუკი „ქართული ოცნება“ დასავლეთისთვის მიუღებელ ნაბიჯებს არ გადადგამდა, სანქციების თავიდან არიდება შეიძლებოდა. მისი შეფასებით, ახლა აშშ-სთან ურთიერთობების გამოსწორება სულ უფრო გართულდება.

მისი თქმით, თუკი “ქართულმა ოცნებამ” დასავლეთთან ურთიერთობები ვერ გამოასწორა, ეს ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს.

“ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერაა სანქცირებული, საკმაოდ მძიმე ფაქტია, როგორც პირადად მისთვის, ასევე საქართველოსთვის. ამას დამამძიმებელი ეფექტი ექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, კერძოდ დასავლური ინვესტიციების მოზიდვისთვის. საქართველოს ისედაც უჭირდა დასავლური ინვესტიციების მოზიდვა. როდესაც გვაქვს სიტუაცია, რომ აშშ-სგან დასანქცირებულია ფაქტობრივად ქვეყნის პირველი პირი, ეს ძლიერი სიგნალია დასავლელი ინვესტორებისთვის, რომ ამ ქვეყანაში, ამ მთავრობის პირობებში, ინვესტიციების განხორციელებას არ მიესალმებიან. განსაკუთრებით საწყენია ის, რომ ეს სანქციები აცილებადი იყო, “ქართულ ოცნებას” რაღაც დონის მოქნილობა რომ გამოეჩინა აშშ-სთან დიალოგის დროს, თუნდაც რიტორიკის თვალსაზრისით და ასევე იმ რამდენიმე კანონთან მიმართებაში, რაზეც დასავლეთმა განსაკუთრებით ნეგატიური რეაქცია მისცა, ეს სანქციები აცილებადი იყო.

ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ნეგატიურად აისახება ასევე შეერთებული შტატების პოლიტიკაზე ამ რეგიონში. ასეთი გადაწყვეტილებების გადახედვა ძალიან რთულია. ამიტომ მე მოვუწოდებ, აშშ-სა და “ქართულ ოცნებასაც” უფრო კონსტრუქციული დიალოგისკენ, თუმცა ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც კი ასეთი გადაწყვეტილებების გადახედვა რთულია. ვიმედოვნებთ, რომ ეს გადახედილი იქნება. თუ ეს არ გასწორდება, ეს ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, დასავლური ინვესტიციების მოზიდვაზე, დასავლური დახმარების რაოდენობაზე, ჩვენს მიმართ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების კეთილგანწყობაზე”, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ცნობისთვის, აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. მისი სახელი OFAC-ის სიაში 27 დეკემბერს თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა. OFAC-ის სიის თანახმად, ივანიშვილის სანქცირება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები