საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ყოფილი კოორდინატორი, განათლების სპეციალისტი ნიკო სილაგაძე სკოლაში 11-წლიან სწავლებაზე დაბრუნებას აკრიტიკებს. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციის შეფასებისას განაცხადა, მე-12 კლასის არჩევითობა მოსწავლეებს პიროვნული განვითარებისა და თვითგამორკვევისთვის საჭირო უმნიშვნელოვანეს დროს ართმევს, რაც საერთაშორისო სტანდარტებთანაც შეუსაბამოა. ამას გარდა, სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სკოლისთვის რეპეტიტორის ფუნქციის შეთავსება აბსურდული და არარეალისტურია, რადგან ეს არა რეპეტიტორობის ინსტიტუტს დაასუსტებს, არამედ პირიქით - კერძო მომსახურებაზე მოთხოვნასა და ფასებს კიდევ უფრო გაზრდის. ნიკო სილაგაძისთვის გაუგებარია ახალი სასწავლო გეგმის სამართლებრივი სტატუსიც, რომელიც ბუნდოვანს ხდის, თუ როგორ მოხდება უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა განსხვავებული ხანგრძლივობის სასკოლო განათლების ფონზე.
- როგორც ცნობილია, სკოლაში მე-12 კლასში სწავლა გახდება არჩევითი და ზოგადი განათლება საქართველოში ისევ 11-წლიანი ხდება. რატომ არის ცუდი 11-წლიან სწავლებაზე დაბრუნება - რას კარგავს ამით მოსწავლე?
- მოსწავლე კარგავს ერთ წელიწადს თვითგამორკვევისთვის. კი ამბობენ, რომ არჩევით მე-12 კლასში მაინც არ დადიოდნენო, მაგრამ სასაცილოდ მიმაჩნია ეს არგუმენტი. მაშინ ახლა მე-11-ში არ ივლიან, მერე მე-10 კლასში არ ივლიან. თუ არ დადიოდნენ, სწორედ ამისთვის უნდა იყოს რეფორმა და ისე უნდა მოაწყო სისტემა, რომ იარონ და სკოლა რისთვისაც არის, ის გამოიყენონ. ეს წელი [მე-12 კლასი] საჭიროა იმისთვის, რომ ბავშვებმა, თუნდაც ცუდი სწავლის ან ნახევრად სიარულის პირობებში, მეტად გამოიყენონ დრო გაცნობიერებული არჩევანის გასაკეთებლად, თუნდაც უმაღლესისკენ. სკოლა არის სოციალური გარემო, სადაც პიროვნულად ვითარდება ბავშვი და სადაც ის მეტ-ნაკლებად დაცულია. ამ ასაკში ყოველი წელი მნიშვნელოვანია: 42 და 43 წლის ადამიანი ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ მე-11 და მე-12 კლასელი ძალიან განსხვავდება, ერთი წელი ბევრს ნიშნავს. გარდა ამისა, უცხოეთში ვინც აგრძელებდა სწავლას, მათ ძალიან შეეშლებათ ხელი. ახლა ამბობენ, რომ უკან დაიხიეს და არჩევითს გავაკეთებთო, მაგრამ ეს ჯერ კიდევ საკითხავია, რამდენად რეალურია. ჯერ არ გამოუქვეყნებიათ ეროვნული სასწავლო გეგმა და პროგრამები. მე, როგორც ამ დარგის სპეციალისტი, ვერ ვხვდები, რანაირად უნდა იყოს სასწავლო გეგმაში მე-12 კლასის პროგრამა, რომელიც თან სავალდებულოა რაღაცისთვის, თან არც არის სავალდებულო - ზოგს სჭირდება და ზოგს - არა. რა სტატუსი ექნება ამას?! გამოდის, რომ ვიღაცები 11-წლიანი განათლებით ჩააბარებენ უმაღლესში და ვიღაცები - 12 წლის განათლებით? რა არის ეს საერთოდ?! მე-12 კლასში რასაც ახლა სწავლობენ, იმ მასალას რა მოუვა?! გამოდის, ყველაფერი მე-11 კლასში უნდა ჩაეტიოს. თან გაჩნდა მე-11 კლასში რეპეტიტორიუმი - კიდევ ერთი სამარცხვინო ცნება, რომელიც ამ დეფორმის ფარგლებში დავინახეთ.
- თქვენთვისაც დეფორმაა „ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების რეფორმა?
- რა თქმა უნდა, დეფორმაა. ამის უკან განათლების კონცეფცია არ დგას. აქ არის უბრალოდ მავნებელი, ექსტრემისტული იდეები, რომლებიც ნამდვილად დააზიანებს ბევრ რამეს. შემდეგ ძალიან ძნელი იქნება ამ ყველაფრის უკან მოტრიალება. რეალურად, რეფორმა რა შუაშია - ეს არის სწორედ გაფუჭება იმ ეგიდით, ვითომ რაღაცას ვაკეთებ. დეფორმაა, კი, ძალიან სწორი სახელი შეერქვა.
- „რეპეტიტორიუმზე“ თქვით სამარცხვინოო.. რატომ? განათლების მინისტრი ირწმუნება, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მე-11 კლასელები რეპეტიტორიუმში უფასოდ მოემზადებიან...
- ეს ხომ თავიდან ბოლომდე პიარზეა აგებული?! ვითომ ამ „რეპეტიტორიუმით“ მშობლებს ეუბნებიან, რომ აღარ დაგჭირდებათ რეპეტიტორები და სკოლა აიღებს ამ ფუნქციას თავის თავზე. ჯერ ერთი, ეს არასწორია და მეორე - ტყუილია. რატომ არის არასწორი?! სკოლას, თავისი ზოგადსაგანმანათლებლო მისიით, დააკისრო რეპეტიტორობის ფუნქცია, დაახლოებით იგივეა, ტელევიზიამ სიტყვის თავისუფლების ნაცვლად, მიზნად აზრის თავისუფლების ჩახშობა რომ დაისახოს. საერთოდ შეუთავსებელია ფორმა და მიზანი. არცერთ ქვეყანაში ამას „რეპეტიტორიუმი“ არ ჰქვია და მსგავს ფუნქციას ასეთი სიამაყით არცერთი მინისტრის მოადგილე არ აანონსებს - ეს გაუგონარი რამაა... თავი დავანებოთ ფილოსოფიურ და მეცნიერულ მსჯელობას სკოლის მისიაზე - ეს პრაქტიკულადაც ტყუილია. მშობლებიც მოტყუვდებიან. პარალელურად ვხედავთ, რომ არასწორი გადაწყვეტილებებით, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვაზე კონკურსი გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა რეპეტიტორებზე კიდევ უფრო აიწევს. იქ [რეპეტიტორიუმში] ისევ ის მასწავლებლები იმუშავებენ, რომლებიც ისედაც მუშაობდნენ. თუ აქამდე ვერ ასწავლიდნენ (რასაც ხშირად საყვედურობენ), გინდა „რეპეტიტორიუმი“ დაარქვი და გინდა სხვა რამ, პროგრამა ხომ იგივე რჩება?! შედეგად, ნამდვილ რეპეტიტორებზე ფასიც გაიზრდება და მოთხოვნაც ანუ ის დაანონსებული „ბრძოლა რეპეტიტორობის ინსტიტუტთან“, სინამდვილეში ამ სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებას გამოიწვევს.




























