ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ საერთოდ არ იარონ ბოლო კლასებში მოსწავლეებმა სკოლებში, მათ სჭირდებათ ჯანსაღი სასწავლო პროგრამა, რომელიც მორგებული იქნება მოსწავლის ობიექტურ ინტერესებზე.
მისივე თქმით, განათლების რეფორმაზე დისკუსიის ფარგლებში, ყველა თემაზე იქნება მსჯელობა.
„მე-12 კლასის საკითხი რომ ავიღოთ, დღეს იცით, რა მდგომარეობაა. პრაქტიკულად, მე-12 კლასში, თითქმის, არ დადიან ბავშვები სკოლაში, რადგან ურჩევნიათ, მოემზადონ მისაღები გამოცდებისთვის. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ საერთოდ არ არის მორგებული ბოლო კლასების სასწავლო პროგრამა მისაღებ გამოცდებზე. ასეთ პირობებში, არ უღირთ მოსწავლეებს სკოლაში სიარული. ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. ნაცვლად იმისა, რომ საერთოდ არ იარონ ბოლო კლასებში მოსწავლეებმა სკოლებში, ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი პროგრამა, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება მორგებული მოსწავლის ობიექტურ ინტერესებზე. ყველა საკითხზე მზად ვართ მსჯელობისთვის. მთავარია, რომ შედგეს ჯანსაღი დისკუსია თითოეულ თემასთან დაკავშირებით,“- განაცხადა "ოცნების" პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ღირსეული ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ სტუდენტმა საკუთარ ქვეყანაში მიიღოს მაღალი დონის განათლება. კობახიძის თქმით, სასურველი არ არის, რომ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა სტუდენტმა.
„პირველ რიგში, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოვიფარგლოთ 11 წლით. თუ 11 წელი საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12 წელი.
რაც შეეხება უცხოეთში სწავლის გაგრძელების სურვილს, ჩვენი მთავარი ამოცანაა და ეს ქვეყნის პრიორიტეტია, რომ ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება და სწორედ ამას ემსახურება ის რეფორმის გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ჩვენ გვინდა, სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, 3-4 წელიწადში, უკვე თვისებრივად, ფუნდამენტურად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ქართველმა სტუდენტებმა განათლება არსებითად უნდა მიიღონ ჩვენს ქვეყანაში.
რაც შეეხება, თუ მოსწავლეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება. ზოგადად, სასურველი არ არის, რომ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა მოსწავლემ, შემდეგ სტუდენტმა, თუმცა თუ ასეთი სურვილი არსებობს, ამისთვის იქნება შექმნილი ყველანაირი პირობა, მათ შორის, ჩვენც შეიძლება ვიზრუნოთ საქართველოში მე-12 კლასის დამატებაზე საგანგებოდ, სპეციალიზებულ სკოლებში, თუ არა და ალტერნატივა არის ის, რომ საზღვარგარეთ წავა მოსწავლე, იქ დაამთავრებს მე-12 კლასს და თუ აქვს სურვილი, განაგრძობს პირველი კურსიდან სწავლას საზღვარგარეთ. ნებისმიერი ღირსეული ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ სტუდენტმა საკუთარ ქვეყანაში მიიღოს მაღალი დონის განათლება და ჩვენი კონცეფცია არის თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ამაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, გუშინ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, იგეგმება, რომ ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, თბილისთან ერთად უნდა შეიქმნას მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა და ეს არის ქუთაისი. ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სკოლებში 11- წლიან სასწავლო პროგრამა იქნება, ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა 1-წლიანი.




























