"ზარაფხანამ" 2026 წელი გაფართოებით დაიწყო და 1-ელ მარტს რიგით მეხუთე ფილიალი გახსნა, რომელიც "სითი მოლი საბურთალოში" მდებარეობს.
როგორც BMG-ის “ზარაფხანას" აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ განუცხადა, მიმდინარე წლისთვის გეგმებში კიდევ ერთი მაღაზიის დამატება და ასევე, ახალ საწარმოო ხაზში ინვესტირება შედის.
"სასიამოვნო სიახლე არის ის, რომ სითი მოლში გავხსენით დამატებით ერთი ფილიალი. ინვესტიცია დაახლოებით 60 000 ლარია და დამატებით სამი ადამიანი დასაქმდა.
წელს, ვფიქრობთ კიდევ ერთი ფილიალის დამატებას რეგიონში. ამის შესახებ ახლა მიმდინარეობს ბაზრის კვლევა რადგან განიხილება ორი ქალაქი, ქუთაისი და ბათუმი. ბათუმში გვაქვს ფილიალი თუმცა ვფიქრობთ კიდევ ერთის დამატებას.
კიდევ არის სიახლე ის რომ წელს წარმოებაში ვაპირებთ დაახლოებით 400 000 ლარის ინვესტირებას და დაგვემატება სრულიად ახალი საწარმოო ხაზი, რაც გაზრდის წარმადობას. ახლა მეტად ვერ დავაკონკრეტებ, თუმცა ვიტყვი, რომ საქართველოს ბაზრისთვის ეს იქნება სიახლე. მოლაპარაკებები თითქმის დასრულებული გვაქვს და ალბათ, აგვისტო-სექტემბრისთვის გავუშვებთ. ახალ საწარმოო ხაზთან დაკავშირებით დაახლოებით ოთხი ან ხუთი თანამშრომლის დამატება დაგვჭირდება",- ამბობს თორნიკე სამხარაძე.
ცნობისთვის, 86-წლიანი ისტორიის მქონე საიუველირო კომპანია "ზარაფხანას" ამ დროისთვის თბილისში 4, ბათუმში კი 1 ფილიალი აქვს. კომპანია 100 თანამშრომელს აერთიანებს.




























