ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თავის მომხრეებს მიმართა და განაცხადა, რომ აფხაზეთის ე.წ. მთავრობა მუშაობას გააგრძელებს.
„დღეს განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი რესპუბლიკა კიდევ ერთხელ დიდი პრობლემების წინაშე დააყენა. აფხაზეთის ხელმძღვანელობა, აფხაზეთის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები თავის ადგილებზე არიან და მუშაობას გააგრძელებენ. ამიტომ გთხოვდით, არ წამოეგოთ პროვოკაციას. მე აქ ვარ აფხაზეთში, გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ამ მოვლენების შედეგების ლიკვიდირებისთვის. მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და შესრულებული საქმისთვის ყველა მოქალაქესა და სამართალდამცველს“, - განაცხადა ბჟანიამ.
მედიის ინფორმაციით, დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან სროლის ხმა იყო. როგორც მედიაში წერენ, დაშავებული არავინ არის. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასლან ბჟანია ამზადებს დოკუმენტს, რომლის მიხედვით, "რუსეთ-აფხაზეთს შორის საინვესტიციო შეთანხმების შესახებ კანონს" ე.წ. პარლამენტიდან გაიწვევენ.
ე.წ. ადმინისტრაციის ცნობით, გადაწყვეტილება "რესპუბლიკაში" სტაბილურობის შესანარჩუნებლად მიიღეს.
პარალელურად, ე.წ. პარლამენტთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ათასობით მოქალაქეა შეკრებილი. ისინი "კანონპროექტის" გაწვევას და ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ. რამდენიმე მოქალაქე ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრა.