პრემიერი ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეს ვერ ხედავს, რადგან აქამდეც ბევრი რამით, მათ შორის ფიცოს ბედის გაზიარებითა კი ემუქრებოდნენ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მზად არის, თუ რომელიმე ქვეყნის ინტერესი იქნება, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
"ჩვენ, ბევრი რამით გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში. მათ შორის, სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს.ეს ახსნეს და ეს ახსნაც უბედურება იყო. მე არაფრის არ მეშინოდა, მაგრამ ვთქვი, რითაც დამემუქრნენ. პირდაპირ დაგვემუქრნენ ფიცოს ბედის გაზიარებით.
რაც შეეხება სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარების მუქარას, ამის შესახებ, თუ ექნება რომელიმე ქვეყანას ინტერესი, მზად ვარ, გამოძიებას მივცე ინფორმაცია. კარგად დააკვირდით რასაც ვამბობ", - თქვა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 23 მაისს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე „მუქარაში“ დასდო ბრალი ერთ-ერთ ევროკომისარს, - ისე, რომ მისი ვინაობა არ უთქვამს:
„ჩემთან [სატელეფონო] საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.
23 მაისს, საღამოს გაირკვა, რომ კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა ოლივერ ვარჰეი, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი. თუმცა ვარჰეიმ განაცხადა:
„ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი კონტექსტიდან ამოიგლიჯა“.
„ეს არ არის სიმართლე“, - უთხრა მანამდე ამერიკულ გამოცემა Politico-ს ევროკომისიის სპიკერმა „მუქარასთან“ დაკავშირებით.
რობერტ ფიცოს 15 მაისს რამდენჯერმე ესროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან. მის სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება.