პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალ მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს უსმენენ.
სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ უწყების საქმიანობის შესახებ მოხსენება ძირითადად წინა მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის საქმიანობის პერიოდს ეხება. ჯანდაცვის მინისტრი უწყების მიერ სხვადასხვა მიმართულებით არსებული მდგომარეობით კმაყოფილია და უწყების შედეგებს „შთამბეჭდავად“ აფასებს, რაზეც მისი თქმით, სხვადასხვა მიმართულებით გაზრდილი დანახარჯები მოწმობს.
„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოს ბევრი დრო აქვს დაკარგული წინა წლებში ჯანდაცვის სექტორის სწორად მართვის თვალსაზრისით. ვიღაც ამას კარგად ნიღბავდა, ვიღაცას აქა-იქ წამოსცდებოდა კიდევაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, 2012 წლის მიწურულამდე საქართველოს ჯანდაცვის სისტემა იმართებოდა იმ პრინციპით, რომ პაციენტის კეთილდღეობაზე თანხის ხარჯვას თვლიდნენ შავ ხვრელში ფულის გადაყრად.
ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, მისი პრემიერ მინისტრობის პერიოდში, 2013 წლიდან დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც ჯანდაცვის სისტემა საქართველოში დააყენა სწორი და შეუქცევადი განვითარების რელსებზე. შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის კონსტიტუციური უფლების რეალიზების საქმისადმი სერიოზული მიდგომა საქართველოში სწორედ ამ დროიდან იწყება და ეს პროგრამაც არის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მთავარი ხერხემალი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა, საკუთარი განცხადების დასტურად, ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯები მოიყვანა.
„მთლიანად ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯები 2012 წელს გახლდათ 450 მლნ ლარი, 2024 წლის მდგომარეობით დაგეგმილია 1 მილიარდ 621 მლნ ლარის დახარჯვა. სხვაობა არა თუ უბრალოდ შთამბეჭდავია, ვსაუბრობთ სრულიად სხვადასხვა მიდგომაზე. წლებია მზარდი დინამიკა ნარჩუნდება ამ მიმართულებით. პროგრამა გააგრძელებს ზრდას და განვითარებას. რაც 2013 წელს დავიწყეთ, მაგალითად გეგმური ქირურგიული მომსახურების მოსარგებლეთა რაოდენობით 6 366, ის გაიზარდა 138 591-მდე, ანუ 50-ჯერ. თანხობრივად რისთვისაც 4.5 მლნ იხარჯებოდა, 2023 წლის მდგომარეობით 224 მლნ-ს შეადგენს. მე მგონი შთამბეჭდავია 22-ჯერ გაზრდილი ეს მაჩვენებელი. ონკოლოგიის დაფინანსებაზე 2012 წელს დანახარჯი სულ 13 მლნ ლარს შეადგენდა, 2019 წელს ეს თანხა შეადგენს 36 მლნ-ს, 2020-ში 39 მლნ-ს, 2021-ში - 123 მლნ-ს, 2022 წელს 143 მლნ ლარს შეადგენდა, 2023 წელს 174 მლნ ლარს, ხოლო წელს დაგეგმილი ხარჯია 229 მლნ ლარი. მე მგონი აქაც ყველაფერი ნათელი და შთამბეჭდავია“, - თქვა მინისტრმა.