"კომუნიკაცია მე პირადად არ მქონია, თუმცა ჩვენ ამაზე ყველასთან ვმუშაობდით, ამაზე გვაქვს თვეობით ნამუშევარი,"- ამის შესახებ BMG-ის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ განუცხადა. კვიჟინაძე არის თანაავტორი კანონპროექტისა, რომელიც ოფშორული კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს, თუკი ისინი აქტივებს საქართველოში გადმოიტანენ.
სწორედ ამიტომ, BMG-იმ კანონპროექტის თანაავტორს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას კომუნიკაცია ბიზნესთან ამ კანონის შემუშავებისას, თუმცა, როგორც კვიჟინაძე აცხადებს, მსგავსი კომუნიკაცია არ ჰქონია.
პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას. კანონპროექტის ავტორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან და ის დაჩქარებულ რეჟიმში განიხილება.
ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, კანონპროექტი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეზე ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული და მისი მიღება საერთაშორისო სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინებს უკავშირდება. აღნიშნულ საკითხზე პაატა კვიჟინაძის პასუხი ასეთია:
- გადმოიტანს თუ არა ივანიშვილი აქტივებს ოფშორიდან, ეს იცით?
- არ ვიცი, ნეტა გადმოიტანოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს.
ამასთან, პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ საქართველოში კომპანიის გადმოტანა ვერავისთვის ვერ იქნება სანქციისგან დამცავი მექანიზმი.
"ღმერთმა დაიფაროს თუ ვინმე იქნება, პაატა თუ თქვენ იქნებით სანქცია დაედოს, თუ ევროპამ სანქცია დაადო საქართველო კი არა, ჩინეთი ვერ დაიცავს,"- აცხადებს კვიჟინაძე.
დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კანონპროექტის ავტორს არაერთი კითხვა დაუსვეს თუ რატომ უწესებს საქართველო ოფშორულ კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს, თუმცა კანონპროექტის ავტორის განცხადებით, მთავარი მიზანი მეტი ინვესტიციების მოზიდვაა, მაგრამ რა ინვესტიციები შეიძლება მოიზიდოს ქვეყანამ ან რა მოცულობის საგადასახადო შეღავათი შეიძლება არ შევიდეს ამით ბიუჯეტში არ დასახელებულა. აღნიშნული არც კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის ასახული.
ცნობისთვის, საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მის ბიზნეს ოპერაციებს ოფშორების გავლით ახორციელებს, რადგანაც “ქართუ ბანკი”, “ტურიზმის განვითარების ფონდი” თუ “თანაინვესტირების ფონდი” იურიდიულად ოფშორული კომპანიების საკუთრებას წარმოადგენს.
პარლამენტში შესული კანონპროექტის მიხედვით, ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები ქართული კომპანია შესაბამის აქტივზე დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება თუკი ოპერაცია შესრულდება 2028 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2030 წლის 1-ელ იანვრამდე აღნიშნულ ოპერაციაში ჩართული საწარმო ოფშორული კომპანიისგან ფიზიკური აქტივის საქართველოში მიღებისას იმპორტის გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული.