საქართველოს პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ არის შემუშავებული. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც აქტივებს ოფშორულ ზონებში ფლობენ, აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ. ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, კანონპროექტი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეზე ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული და მისი მიღება საერთაშორისო სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინებს უკავშირდება.
პარლამენტში ინიციატივა მისმა თანაავტორმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ წარადგინა. მისი თქმით, შეღავათი გავრცელდება ოფშორებიდან საქართველოში კომპანიებისა და მათი გადმოტანაზეც, საუბარია ისეთ აქტივებზე, როგორიცაა თვითმფრინავები და მანქანები.
პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ოფშორებში კომპანიების საქმიანობა გართულებულია და ხშირ შემთხვევაში მათ მეტი გამჭვირვალობა და გადასახადები მოეთხოვებათ. ამიტომაც, ქართველი ბიზნესმენებისთვის, რომლებიც ოფშორებში ფლობენ აქტივებს, ამ აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის შეღავათების მიღებას გეგმავენ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა, ხოლო ოპოზიცია "რუსულ კანონზე" პროტესტის ნიშნად სხდომას არ ესწრება. ოპოზიციონერი დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ოფშორულ ზონებზე კანონპროექტის "რუსული კანონის" პარალელურად წარდგენა მეტყველებს იმაზე, რომ ეს საგადასახადო შეღავათი მორგებულია "ქართული ოცნების" დამფუძნებელზე ბიძინა ივანიშვილზე. დეპუტატი რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ კანონპროექტის მიღება ივანიშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დაწესების მოლოდინმა განაპირობა.
ცნობისთვის, საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მის ბიზნეს ოპერაციებს ოფშორების გავლით ახორციელებს, რადგანაც “ქართუ ბანკი”, “ტურიზმის განვითარების ფონდი” თუ “თანაინვესტირების ფონდი” იურიდიულად ოფშორული კომპანიების საკუთრებას წარმოადგენს.
პარლამენტში შესული კანონპროექტის მიხედვით, ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები ქართული კომპანია შესაბამის აქტივზე დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება თუკი ოპერაცია შესრულდება 2028 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2030 წლის 1 იანვრამდე აღნიშნულ ოპერაციაში ჩართული საწარმო ოფშორული კომპანიისგან ფიზიკური აქტივის საქართველოში მიღებისას იმპორტის გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული.