გერმანიის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კრიზისის პირობებში, კერძო სექტორი ბიზნესის კეთებას გააგრძელებს, თუმცა ევროკავშირში ინტეგრაციის დონე დაბალი იქნება.
„საქმიანი დილის“ რუბრიკა „საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე“ პეტერ ფიშერი შექმნილ ვითარებას აფასებს და ამბობს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე არსებული ჩიხური მდგომარეობა ბიზნესის განვითარებაზეც აისახება. დიპლომატი ამბობს, რომ ევროკავშირის ბაზარი ქართული ბიზნესისთვის ყველაზე ოპტიმალურია, თუმცა ამისთვის კანონმდებლობა თანხვედრაში უნდა იყოს ევროკავშირთან. ის მიმოიხილავს დასავლურ და აღმოსავლურ ბაზრებზე ბიზნესის ინტეგრაციის შესაძლებლობებს და აცხადებს „მე რომ ქართველი ბიზნესმენი ვიყო, შევეცდებოდი ჩემი მთავრობისთვის მეთქვა , რომელი [ბაზარი] მირჩევნია“.
- რას ნიშნავს ეს კრიზისი ბიზნეს სექტორისთვის? რუბრიკა „საქმიანი დილის“ ფარგლებშია და ჩვენ მივმართავთ ბიზნესს. რას ნიშნავს ეს კრიზისი იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ ევროკავშირის ბაზარზე საქმიანობა? ჩვენ ხელი მოვაწერეთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას. მისი ნაწილია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. ქართული კომპანიები იყენებდნენ ამ შესაძლებლობას საკუთარი სერვისებისა და პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე გასატანად. ეს კრიზისი, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, რას ნიშნავს კომპანიებისთვის?
- ეს ნიშნავს, რომ თქვენ გააგრძელებთ ბიზნესის კეთებას, როგორც ამას აკეთებდით და ევროპულ ბაზარზე ძალიან დაბალი ინტეგრაციით. თქვენ ხელიდან გაუშვებთ უზარმაზარ შესაძლებლობას გახდეთ ევროკავშირის ერთიანი ბაზრის წევრი, სრულუფლებიანი წევრი იმ ბაზრისა, რომელიც ერთ-ერთი პირველია მსოფლიო სამი ბაზრიდან. შეფასების სხვადასხვა გზა არსებობს. მე ვამბობ, რომ შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი ცოტათი თავისუფალია - არ არის საკმარისი გარემოს დაცვა, არ არის საკმარისი სოციალური დაცვა. ჩინეთი კი ცოტა მეტისმეტად კონტროლირებადია. ასე რომ, ევროკავშირი საკმაოდ კარგი ბაზარია. ჩვენ გვაქვს ევროკავშირში კეთილდღეობის ძალიან მაღალი დონე და თუ ეს კრიზისი მოუგვარებელი დარჩება და ეს ტენდენცია გაგრძელდება, მაშინ თქვენ არ შეუერთდებით ევროკავშირს და არც ერთიან ბაზარს.
მოგეხსენებათ, საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციის კუთხით დიდი პროგრესისთვის არ მიუღწევია. ვფიქრობ, 2016 წლიდან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი, დაახლოებით, 2%-თ გაიზარდა, ანუ, მინიმალურად.
შესაძლოა, ჩვენი ინტერვიუს ტექნიკურ ნაწილზე გადავდივართ, მაგრამ ევროკავშირში სტანდარტები გვაქვს და ევროკავშირის ბაზარზე თქვენი პროდუქციის იმპორტისთვის, ამ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეთ. საქართველოსთვის, რადგან, ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებს, ეს არის ფიტოსანიტარიული სტანდარტები. თქვენ არ შეგიძლიათ, უბრალოდ გაგზავნოთ რძე, ხილი ან თხილეული ევროკავშირში. ის გარკვეულ მაღალ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს, რადგან ჩვენ ასევე გვაქვს მომხმარებელთა დაცვის მაღალი სტანდარტი. ჯერჯერობით, ქართული კომპანიებს აღნიშნული სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით შესამჩნევი პროგრესი არ აქვთ.
- თუ გავითვალისწინებთ იმ კრიზისს, რომელიც ახლა გვაქვს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, როგორ ფიქრობთ, როგორი შეიძლება იყოს ბიზნეს სექტორის როლი? როგორ შეუძლია მას, დაეხმაროს ქართველ ხალხს ევროკავშირის ნაწილი გახდეს?
- ბიზნეს სექტორი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ აქ ვქმნით სამუშაო ადგილებს, შემოსავალს, ჩვენს სიმდიდრესა და კეთილდღეობას. შევამჩნიე, რომ საქართველოში ბევრს ვლაპარაკობთ პოლიტიკაზე, პოლიტიკურ მაქინაციებზე, თუ ვინ არის რუსეთისკენ და ვინ არა, ნაცვლად იმისა, რომ ვისაუბროთ, თუ რა არის უფრო მნიშვნელოვანი ხალხისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. რატომ გვაქვს პოლიტიკა? რათა ხალხს ჰქონდეს კარგი ცხოვრება. კარგი ცხოვრებისთვის ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გონივრული შემოსავალი, სახურავი, საკმარისი საკვები, თანხა ჯანმრთელობისთვის, თანხა შვილების განათლებისთვის და ასე შემდეგ, არა? ასე რომ, პირადად მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მოხდეს საქართველოს ეკონომიკისთვის და ბიზნეს სექტორისთვის.
თქვენ არ შეუერთდებით ამერიკის შეერთებული შტატების, ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ეჭვი მეპარება, რომ თქვენ შეუერთდეთ ჩინეთის ეკონომიკას. ასე რომ, ეს ნამდვილად არის ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივა, ვიდრე დარჩენა იქ, სადაც ხართ - სამხრეთ კავკასიაში, მეზობლებთან, რომლებიც გყავთ. კარგი ურთიერთობა გაქვთ თურქეთთან, თუმცა, ეს ყველაფერი ერთ ადგილას დარჩენაა.
ევროკავშირში კი, ბიზნესები ვაჭრობენ და ინვესტიციებს, ძირითადად, ერთმანეთთან ახორციელებენ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სამართლებრივი და საქმიანი ჩარჩო, რომელსაც ხალხი იცნობს და რომელიც, ასევე უსაფრთხოა. რა თქმა უნდა, ზოგი ამბობს, რომ ძალიან ბევრი რეგულაციაა, გადასახადი უნდა იყოს უფრო მაღალი ან დაბალი, მაგრამ ზოგადად, ეს ჩარჩო საკმაოდ კარგია, ამიტომ ვახორციელებთ ინვესტიციებს ძირითადად ერთმანეთს შორის.
როცა საქართველო ევროკავშირს უახლოვდებოდა, ევროპელი ბიზნესმენები უყურებდნენ საქართველოს და ამბობდნენ: „ვხედავ, ისინი გვიახლოვდებიან, ვფიქრობ, რომ იქ უნდა შევისწავლო შესაძლებლობები, რადგან ველი, რომ მათ ექნებათ ბიზნესის კეთების ჩარჩო ყველა შესაბამისი ასპექტით, რაშიც ვისურვებდი ინვესტიციის განხორციელებას“.
ეს ფაქტია და ბევრი ასეთი შემთხვევა მსმენია, რომ როდესაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე სვლა შეაჩერა, ბევრმა ევროპულმა ბიზნესმა გადახედა გეგმებს და თქვა, რომ შესაძლოა, ახლა არ ღირს და დალოდება ჯობია.
ასევე, ვიცი ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც თქვეს: „მე განვახორციელე ინვესტიცია. მართალია, ეს არ არის დიდი ინვესტიცია, მაგრამ მის შემცირებას ვგეგმავ“.
ასე რომ, საკითხავია, არის თუ არა საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირისკენ მიმავალი ეკონომიკა, რომელიც არის ჩამოყალიბებული, დამკვიდრებული, დიდი, აყვავებული, მოქმედი ჩარჩო, თუ საქართველო რჩება ერთგვარ განვითარებად ბაზრად სამხრეთ კავკასიაში? ეს არის არჩევანი, რომლის გაკეთებაც საქართველოს შეუძლია. ასე რომ, მე რომ ქართველი ბიზნესმენი ვიყო, შევეცდებოდი ჩემი მთავრობისთვის მეთქვა , რომელი მირჩევნია.