გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საქართველოში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მოულოდნელი მოგებაა და ამ ტიპის მოგება დიდხანს არ გრძელდება. ამის შესახებ გერმანელმა დიპლომატმა „საქმიანი დილის“ რუბრიკაში „საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე“ საუბრისას განაცხადა.
პეტერ ფიშერი განმარტავს, რომ ევროკავშირთან დაშორების პირობებში საქართველოსთვის გამოყოფილი სესხები გაძვირდება, ხოლო სახელმწიფო ობლიგაციების რისკის პრემია გაიზრდება. კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში დიპლომატი ხედავს - ემიგრაციაა. ის ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას ამ პრობლემის გადაჭრის გზები არ აქვს.
„ვწუხვარ, რომ ცოტა ნეგატიურად ვსაუბრობ, მაგრამ ამაზე საუბარი მნიშვნელოვანია. შევამჩნიე, რომ საქართველოში ამბობენ: „ჩვენ გვაქვს ასეთი მაღალი [ეკონომიკური] ზრდის ტემპები, უფრო მაღალი, ვიდრე საძაგელ ევროპელებს. გერმანელებს საერთოდ არ აქვთ ეკონომიკური ზრდა, ქართველებს კი 10%-იანი ზრდა გვაქვს“.
ეს არის მოულოდნელი მოგება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან. ასეთი ტიპის მოგება არ გრძელდება. ვხედავ უამრავ სტრუქტურულ პრობლემას. ვხედავ გამოწვევას ლარის ღირებულებასთან დაკავშირებით. ვხედავ საფონდო ბირჟებზე განთავსებული ქართული კომპანიების აქციების ფასების რყევას.
ვფიქრობ, თქვენი სახელმწიფოს ვალის შედარებით მაღალი წილი შეღავათიან სესხებშია. რაც უფრო შორდებით ევროკავშირს, მით უფრო ნაკლებ შეღავათიან სესხებს მოგცემთ. ეს ბუნების კანონია, ასე რომ თქვენ თავად მოგიწევთ ამის რეფინანსირება.
თქვენი საკუთარი სახელმწიფო ობლიგაციების რისკის პრემია საორიენტაციო ობლიგაციებზე, როგორიცაა ევროკავშირის ან აშშ-ს ობლიგაციები, გაიზრდება, გაიზარდა და გააგრძელებს ზრდას.
ასევე, ვხედავ დიდ პრობლემას საქართველოს ეკონომიკისთვის და ვერ ვხედავ, როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას ქვეყანა - ეს არის ახალგაზრდების ემიგრაცია.
უკვე 2018 ან 2019 წლიდან, იმდენმა ახალგაზრდამ დატოვა საქართველო და სხვათა შორის, ევროკავშირის ქვეყნებში გაემგზავრა. ეს ახალგაზრდები თქვენი ქვეყნის მოსახლეობის, დაახლოებით, 3%-ს შეადგენენ. ახლაც მესმის ბევრი ახალგაზრდისგან, რომ თუ გადაწყდება, რომ საქართველო ევროკავშირს უფრო დაშორდება და დარჩება მხოლოდ ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში და აღარ გაჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, მაშინ ისიც დატოვებს აქაურობას. ბევრი ახალგაზრდისგან მესმის ეს“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.
რუბრიკა „საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე“ წამყვანის კითხვას, რომელიც ქართული და გერმანული კომპანიების ურთიერთობას, ასევე გერმანიიდან საქართველოში შემოსული ინვესტიციების ტენდენციას, პეტერ ფიშერი პასუხობს, რომ საქართველოდან ისეთი მსხვილი გერმანული კომპანია გავიდა, როგორიც „ჰაიდელბერგ ცემენტი“ იყო.
„უახლესი მონაცემების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. ვივარაუდებ, რომ ტენდენცია იკლებს და ჩემი პროგნოზით, შემცირდება, თუ საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დაშორდება. ეს, უბრალოდ, არ არის ძალიან საინტერესო გერმანელი ინვესტორებისთვის. ეს არის პატარა ბაზარი, რომელიც არ არის ინტეგრირებული სხვა დიდ ბაზარზე. საქართველო ჩვენი დიდი ქალაქების ზომაა, ხომ ასეა? და ამჟამად, ინვესტიციაც კი არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვყავს რამდენიმე კომპანია, რომლებიც აქ ინვესტიციას არც თუ ისე დიდი თანხებით და არც თუ ისე მაღალი დამატებითი ღირებულების აქტივობით ახორციელებენ. ისეთი კომპანიაც კი, როგორიც “ჰაიდელბერგ ცემენტია”, გავიდა ქართული ბაზრიდან. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიცია. მან თავისი წილი გაყიდა. ასე რომ, ტენდენცია კარგი არ არის“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.