ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის ელჩის შეფასებას, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა უკრაინაში ომის ეფექტმა განაპირობა, გულდასაწყვეტს უწოდებს.
ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ომს გარკვეული პოზიტიური ეფექტი ჰქონდა, თუმცა მისი მტკიცებით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა დიდწილად წლების წინ გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებს უკავშირდება.
"ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ასეთი ფორმით საუბრობს, რასაც არ აქვს ბოლომდე ეკონომიკური საფუძველი. ჩვენ, ყოველთვის ვსაუბრობდით რუსული ფაქტორის და ომის ფაქტორის ეფექტზე ჩვენს ეკონომიკაში, პროფესიონალები თანხმდებიან, რომ ამას გააჩნია გარკვეული ეფექტი პოზიტიური ეფექტი ეკონომიკურ ზრდაში, თუმცა ეს არის გადაჭარბებული, რომ საქართველოს ეკონომიკური პროგრესი ბოლო წლებში და განსაკუთრებით ბოლო წელს, არის დაკავშირებული მხოლოდ ომთან და გეოპოლიტიკურ ვითარებასთან. იგივე გეოგრაფიაში ძალიან ბევრი ქვეყანა, რომლებსაც უფრო ლიბერალური ეკონომიკური ურთიერთობები გააჩნიათ რუსეთთან, არ იზრდება ისეთივე მაღალი ტემპით, როგორითაც საქართველოს ეკონომიკა. ჩვენ ბევრი შემზღუდავი ფაქტორი გაგვაჩნია, ამის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწრაფად მზარდია არა მხოლოდ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მიმართებით. ამავე დროს, ეს არაა მხოლოდ ჩვენი შეფასება, რომ სწრაფად გავიზრდებით მომავალ წლებში, ამას ადასტურებს ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებიც.
ეს შეიძლება იყოს 2%-იანი ეფექტი, რომელიც იგივე შუა დერეფნის როლს და მნიშვნელობას ზრდის და ეს რა თქმა უნდა, არის პოზიტიური ფაქტორი ჩვენი ეკონომიკისთვის, მაგრამ დიდწილად საქართველოს ეკონომიკური ზრდა განპირობებულია იმ მნიშვნელოვანი რეფორმებით, რომლებიც წლების წინ გავატარეთ",- განაცხადა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა BMGtv-სთან ვრცელ ინტერვიუში საქართველო გერმანიის ურთიერთობებზე ისაუბრა და პრობლემებზე, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე აქვს. მან განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი არის მოულოდნელი მოგება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან და ასეთი ტიპის მოგება არ გრძელდება.