პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ორშაბათიდან ქართულ ქარტიაზე ხელმომწერ პარტიებთან ორბელიანების სასახლეში კონსულტაციებს დაიწყებს პრემიერობის კანდიდატსა და მინისტრთა კაბინეტის კანდიდატებთან დაკავშირებით - ამის შესახებ ზურაბიშვილმა ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში ისაუბრა.
"ორშაბათს მინდა დავიწყო პარტიებთან შეხვედრები, იმისთვის, რომ არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი და დავიწყოთ მოლაპარაკებები კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით. პარტიებს ექნებათ საშუალება, რომ წარადგინონ მინისტრობის კანდიდატურები. პოლიტიკოსები, ჯერჯერობით, ამ ეტაპზე - არა. [პრემიერობის კანდიდატურა მყავს შერჩეული] ამ ნიშნით - პროფესიონალი, სანდოობით აღჭურვილი, მე მგონი ყველასთვის მისაღები" - ამბობს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტის თქმით, მის მიერ შერჩეულ კანდიდატს პოლიტიკური წარსული არ აქვს. ზურაბიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო სია არჩევნებამდე იქნება წარდგენილი.
წამყვანის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, საკუთარ თავს მომავალ პრემიერად იმ შემთხვევაში, თუ კონდსოლიდაცია მის გარშემო მოხდა და უფიქრია თუ არა ამაზე, ზურაბიშვილმა თქვა - რაზე მაქვს ნაფიქრი ამაზე აქ არ გიპასუხებთ, შერჩეული მყავს ძალიან კარგი კანდიდატი, ჯერ ვნახოთ.
"ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების განმავლობაში. მგონია, რომ დღეს ძალიან სწორ გზაზე ვდგავართ და გაბყვეთ ამ გზას"- დასძინა პრეზიდენტმა ნოდარ მელაძის დამაზუსტებელი კითხვის პასუხად.