პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ "რუსული კანონის" მიღებამ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შანსი გაზარდა.
კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლების ამოცანაა, 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
"შეგახსენებთ, ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩი დემარშით მივიდა იუსტიციის მინისტრთან და უთხრეს, რომ თუ სააკაშვილი არ გათავისუფლდებოდა, ამით დამთავრდებოდა საქართველოს ევროინტეგრაცია. მაშინ დავიკავეთ პრინციპული პოზიცია, სააკაშვილი დარჩა იქ, სადაც უნდა დარჩენილიყო და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას, მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით იყო შემაშფოთებელი ტენდენციები, რაზეც უშუალოდ ვუზიარებდით ჩვენს მოსაზრებებს პარტნიორებს, მათ შორის როდესაც ბატონი კოპმანი იყო ჩამოსული, ხელოვნურად ხდებოდა ისეთი მოთხოვნების დაყენება, რომლებსაც, იცოდნენ, რომ ჩვენ ვერ გავიზიარებდით. მათ შორის იყო სასამართლო სისტემაში რეპრესიების ჩატარება, ცესკოს გადაცემა ოპოზიციისთვის და ა.შ. ასეთ პირობებში აშკარად ჩანდა, რომ ვიღაცებისთვის მოლაპარაკებების არ გახსნა იყო თვითმიზანი და იმ მომენტში, კანონპროექტის ინიციირებამდე, ჩანდა, რომ ამ წელს მოლაპარაკებების გახსნის შანსი ნულის ტოლი იყო. პროცენტებში აღარ შევალ, სპეკულირებას აღარ დავიწყებ, მაგრამ თუ კანონპროექტის ინიციირებამდე მოლაპარაკებების წელს გახსნის შანსი იყო ნულის ტოლი, ეს შანსები ბევრად უფრო მეტად გაზრდილია. საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანაა, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2022 წელს საქართველოს უსამართლოდ ეთქვა უარი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა ხელისუფლების პრინციპულობის შედეგად, 2023 წელს საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი.
„წელს იქნება თუ გაისად, აუცილებლად მივაღწევთ შედეგს. შანსები გაიზარდა. მე ვარ იმის გარანტი, რომ ეს პროცესები ზრდის იმის შანსებს, რომ ჩვენ გაგვეხსნას მოლაპარაკებები“, - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის განცხადების საპირისპიროდ, ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება და უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ევროკავშირი "რუსულ კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს და მიუთითებს, რომ კანონის ამოქმედება კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კომისიის რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯიდან მინიმუმ სამთან დაკავშირებით უკან დახევას იწვევს (ეს ნაბიჯები ეხება დეზინფორმაციას, პოლარიზაციას, ფუნდამენტურ უფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობას).