„თავისუფლება, რაც დამახასიათებელია დასავლური კომპანიებისთვის „მეამაში“ აღმოვაჩინე” - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ „მეამას“ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.
როგორც თემურ ბოსტოღანიშვილი განმარტავს, კომპანია „მეამა“ დასავლურ კულტურასთან არის ახლოს. მისივე თქმით, „მეამა“ არის კომპანია, სადაც მუდმივად საუბარია ინოვატორობაზე.
„კომპანია „მეამა“ იმდენად არის დასავლურ კულტურასთან ახლოს, რომ გამიკვირდა. ის თავისუფლება, რაც დასავლური კომპანიებისთვის არის დამახასიათებელი „მეამაში“ აღმოვაჩინე. ჩემთვის ორგანიზაცია 360 გრადუსია, აქ არ ხდება არც ერთი მიმართულების დაკნინება, ვცდილობთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა თანამშრომელი ჩავრთოთ. ჩვენ „მეამას“ თანამშრომლების სახით, შევქმენით დიდი ბირთვი, ძალა, რომლებსაც ერთმანეთის ესმით და არ იკარგებიან ამ გზაზე.
ეს არის ადგილი, სადაც მუდმივად საუბარია ინოვატორობაზე. ჩვენ მსოფლიო ტრენდს არ მივყვებით, კომპანია ფიქრობს 5-6 წლის შემდეგ. მათთვის ღირებულება არ არის მსოფლიოს დაეწიოს, ჩვენ უნდა შევქმნათ რაღაც ისეთი, რაც მსოფლიოსთვისაც გასაკვირი იქნება“ - ამბობს „მეამას“ აღმასრულებელი დირექტორი.