მებაჟეებმა თბილისის აეროპორტში 143 000 ლარის არადეკლარირებული ოქროს მონეტების გატანის ფაქტი აღკვეთეს. როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იტყობინება, მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი“ არადეკლარირებული 49 ოქროს მონეტის (საერთო წონა 477,97 გრამი) და ძვირფასი ქვების უკანონო გატანის ფაქტი აღკვეთეს.
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ, საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის გავლის დროს, მისი კუთვნილი ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში 143 972 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ნივთები იქნა აღმოჩენილი.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.




























