მედიაწიგნიერების საგანს საქართველოს 6 სკოლაში სწავლობენ. საგანი არჩევითია და ის სასწავლო კურიკულუმს კომუნიკაციების კომისიის მიერ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით დაემატა. შედეგად, ნებისმიერ საჯარო სკოლას შეუძლია არჩევით საგნად მედიაწიგნიერების დამატება. თუმცა გამოწვევაა შესაბამისი კომპეტენციის მასწავლებლის მოძიება.
ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების პროექტი კომუნიკაციების კომისიამ 2022 წლიდან დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ჩატარდა მედიაწიგნიერების საჭიროებების შესახებ კვლევა, შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო, რომელთა გამოყენებითაც, მედიაწიგნიერების სწავლებაში საქართველოს მასშტაბით 1600-ზე მეტი პედაგოგი გადამზადდა.
2023-2024 სასწავლო წლიდან მედიაწიგნიერება, როგორც ცალკე, არჩევითი საგანი, X-XII კლასებში ისწავლება. საგნის არჩევის შემთხვევაში, უფროსკლასელები მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებას, დეზინფორმაციის სახეებს, ასევე მრავალფეროვანი ტექნიკის გამოყენებით, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისა და სიმართლის დადგენის მეთოდებს ერთი სემესტრის მანძილზე ისწავლიან.
როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათთვის მნიშვნელოვანია, გაიზარდოს იმ სკოლების რიცხვი, რომლებიც ამ შესაძლებლობით ისარგებლებენ და მოსწავლეებს მედიაწიგნიერების საგნის არჩევით 21-ე საუკუნის გამოწვევებთან გამკლავებაში სკოლის ასაკიდან დაეხმარებიან, შესაბამისად, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით, კომუნიკაციების კომისია აგრძელებს მასწავლებელთა გადამზადებას.