ჯანდაცვის ექსპერტი ანდრია ურუშაძე ამბობს, რომ წამლების მაღალ ფასს ჯანდაცვის მაღალი ინფლაცია და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა ქმნის, რაც ბაზარზე თავისუფალ კონკურენციას ხელს უშლის. ამის შესახებ ურუშაძემ BMG-სთან ინტერვიუში, მედიკამენტების ფასთან დაკავშირებით "ოცნების" პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე კომენტირებისას გაამახვილა ყურადღება.
რამდენიმე დღის წინ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სურსათის გარდა, ფასები მაღალია ფარმაცევტულ სექტორშიც. მისი თქმით, სურსათის მსგავსად, წამლების ფასების მიმართულებითაც შესაძლებელია ცვლილებები. ირაკლი კობახიძის განცხადებაში არ იყო საუბარი რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმზე, რომელიც მისმა წინამორბედმა სწორედ წამლების ფასების დარეგულირების მიზნით შემოიღო.
“ზუსტად სამი წელი შესრულდა, რაც ამ მთავრობის დადგენილებას მოეწერა ხელი რეფერენტული ფასების შემოღებაზე. ითვლებოდა, რომ ეს იყო ფასების რეგულირებისთვის გადადგმული ნაბიჯი. გავიდა სამი წელი და მთავრობა ისევ საუბრობს მედიკამენტების გაძვირებაზე... მარტო სურსათი და მედიკამენტი არა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაფერი გაძვირდა. მედიკამენტებს რომ დავუბრუნდეთ, ალბათ ყველაზე მეტად იმ ადამიანებმა იციან, ვინც მედიკამენტებს ყიდულობს, განსაკუთრებით ქრონიკულად დაავადებულმა პაციენტებმა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო რაღაც მედიკამენტების სუბსიდირების პროგრამასაც აფინანსებს, სულ უფრო და უფრო მეტი ფულის გადახდა გვიწევს წამლებში.
ძალიან მძიმე ტვირთად აწვება ეს ჩვენს მოსახლეობას და ჯიბიდან გადახდების 60% მედიკამენტებზე მოდის. თუ ამ პრობლემის მოგვარებას შეეცდებიან არა ეკონომიკური მექანიზმებით და არა ღია კონკურენციის პირობით, არამედ ისევ უშიშროებით, პოლიციით როგორც ეს სცადა ვენესუელამ, ბელორუსმა, შედეგი არ გვექნება. შედეგი არ მოაქვს ამას, იმიტომ რომ სამწუხაროდ, მაღალი ფასების მიზეზი არის ინფლაცია, მათ შორის სამედიცინო ინფლაცია, რომელიც სამწუხაროდ, არის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი და ასევე, შედეგი იმ არათანმიმდევრული პოლიტიკისა, რომელიც არ უწყობს ხელს თავისუფალ კონკურენციას და თავისუფალი ბაზრის განვითარებას საქართველოში. ეს ყველა დარგს ეხება და ყველა სექტორს და სამწუხაროდ, ჯანდაცვასაც და მათ შორის მედიკამენტებსაც", - განაცხადა ანდრია ურუშაძემ.




























