წლის პირველ 5 თვეში საქართველოში დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტ-ექსპორტი გაიზარდა. უმსხვილესი საიმპორტო საქონლის რეიტინგში დაფასოებულ სამკურნალო საშუალებებს მესამე ადგილი უკავიათ. იანვარ-მაისში საქართველოდან 6 558 ტონა მედიკამენტების შესაძენად 265 მილიონ 547 ათასი დოლარი გავიდა, რაც 22.6%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. მედიკამენტების მთავარი იმპორტიორი ქვეყანა კი ტრადიციულად თურქეთია.
რაც შეეხება ექსპორტს, იმპორტთან შედარებით საქართველოდან დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტი მცირეა, თუმცა ქვეყნის ექსპორტშიც მედიკამენტებს უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ათეულშია. პირველი 5 თვის განმავლობაში ქვეყნიდან 45.8 მილიონი დოლარის ღირებულების 724 ტონა მედიკამენტები გავიდა. თუმცა აქედან ნახევარზე მეტი - 35.6 მლნ დოლარის ღირებულების 485 ტონა რეექსპორტი იყო. საქართველოდან სამკურნალო საშუალებების მთავარი საექსპორტო ბაზარი ამ პერიოდისთვის უზბეკეთი იყო.
BM.GE-მ საქსტატიდან იმ კომპანიების ჩამონათვალი გამოითხოვა, რომლებიც იანვარ-მაისში საქართველოში მედიკამენტების ექსპორტით და იმპორტით იყვნენ დაკავებულები.
დაფასოებული სამკურნალო საშუალებების TOP-10 იმპორტიორი კომპანიის ჩამონათვალი ასეთია:
- სს გეფა
- შპს აბულფარმ
- შპს ავერსი-ფარმა
- შპს ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია
- შპს გლობალფარმი
- შპს იმპექსფარმი
- შპს პსპ ფარმა
- შპს სობუს
- შპს შოთაფარმ
- შპს ჯი ემ ფარმასიუთიქალს
მედიკამენტების TOP-10 კომპანიის ჩამონათვალი, რომლებმაც ამ პერიოდში ქვეყნიდან ყველაზე მეტი საქონელი ექსპორტზე გაიტანეს, ასეთია:
- სს "ბიოფარმი"
- შპს M-სერვისი
- შპს აგენტა ფარმა
- შპს ავერსი-რაციონალი
- შპს ამბიენს
- შპს გეა
- შპს დენკ ფარმა კავკასია
- შპს ლუკექსპოჯორჯია
- შპს ფარმედ
- შპს ჯი ემ ფარმასიუთიქალს
უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.