მთავრობის ადმინისტრაციაში "ფასების კომისიისა" და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრება საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი მარგველაშვილიც, რომელმაც შეხვედრამდე მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მედიკამენტებზე ფასების შემცირების რესურსი ყოველთვის არსებობს.
“რესურსი ყოველთვის არსებობს თანამშრომლობის საფუძველზე. სამართლიან ფასებზეა ლაპარაკი, რომელიც უნდა იყოს. ფასთა წარმოქმნის რეგულაციის პროცესი საქართველოში უკვე რამდენიმე წელია დაწყებულია. საუბარი ალბათ არის პროცესის უფრო გაუმჯობესებაზე, მეთოდოლოგიის დახვეწასა და მის მედიკამენტების შემდეგ ჯგუფებში გავრცელებაზე”, - აღნიშნა მან.
ხოლო კითხვაზე, რა ტიპის მედიკამენტებზე შეიძლება პირველ ეტაპზე არსებობდეს ფასების შემცირების რესურსი, მარგველაშვილმა აღნიშნა:
“დაახლოებით 7 000 მედიკამენტი საქართველოში უკვე არის რეფერენტული ფასების სიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ფასი რეგულირდება გარე რეფერენტული სისტემით. მაგრამ კიდევ ერთი მაგდენივე სავარაუდოდ რჩება ფასებს გარდა. ალბათ, პირველ ეტაპზე უპრიანია ვისაუბროთ რეცეპტურულ მედიკამენტებზე, მედიკამენტებზე, რომლებიც გამოიყენება ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, მაგრამ ამაში მნიშვნელოვანია მედიკამენტის ფასი, ანუ საერთო... ასე ვთქვათ, სოციალური წნეხი, რაც აქვს მედიკამენტს. ძალიან მნიშვნელოვანია ვილაპარაკოთ, მათ შორის, სახელმწიფო პროგრამის განვითარებაზე, რომელიც უზრუნველყოფს მედიკამენტების მიწოდებას პაციენტებისთვის და აქედან გამომდინარე, დავადგინოთ უკვე ის სამართლიანი ფასი, რაც სახელმწიფომაც უნდა გადაიხადოს და ყოველმა ჩვენგანმა ჩვენი ჯიბიდან მედიკამენტებში", - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც რეფერენტული ფასები ამოქმედდა, ასოციაციის წევრ 21 კომპანიაზე დაყრდნობით, გაიაფების საშუალო მაჩვენებელი 30-40%-ია.
"ზოგჯერ მეტიც ავიდა, ანუ ფასების საკმაოდ მნიშვნელოვანი დაწევა მივიღეთ ბოლო სამი წლის განმავლობაში”, - დასძინა მან.
ცნობისთვის, პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 23 იანვარს კი - დისტრიბუტორებს. ხოლო 26 იანვარს - მწარმოებლებს.
მიმდინარე კვირაში კომისიის შეხვედრა დაგეგმილია საწვავის კომპანიებთანაც.


























