მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მედიკამენტებზე ფასნამატის რეგულირების ინიციატივით გამოვდივართ”- ასოციაცია

63fe0e35ee06e
ანუკა ჯოხაძე
28.02.23 20:25
824
"ჰოლდინგური შეთქმულებების წინააღმდეგ კონკრეტული გადაწყვეტილებები იგეგმება",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გუშინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ზურაბ აზარაშვილი ამბობს, უწყება ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმების პროცესში ჰოლდინგური შეთქმულებების წინააღმდეგ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. მისი თქმით, რეფერენტული ფასების ეტაპობრივი ამოქმედების შემდეგ კომპანიებმა მედიკამენტების ნაწილი, განსაკუთრებით თურქეთიდან იმპორტირებული, მნიშვნელოვნად გააძვირეს.

ჯანდაცვის მინისტრის გუშინდელ ბრალდებას კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურ მატებასთან მიმართებით ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია ეხმაურება.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, იქამდე სანამ ბაზარზე არსებული მდგომარეობის წინასწარი შეფასება არ დასრულდება რაიმე ტიპის ჰოლდინგურ შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, მისი თქმით, ცალკეულ კომპანიებს კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასის დადგენა დღეს თავისუფლად შეუძლიათ, რადგან ამის შემზღუდავი მექანიზმი არ არსებობს.

ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, რომ მათ ასოციაციას აქვს ინიციატივა, რომ მედიკამენტებზე ფასნამატი დარეგულირდეს, რის შემდეგად საუბარი იმაზე თუ რომელმა კომპანიამ რამდენი პროცენტით მოუმატა პროდუქციას ფასი დასრულდება.

“თუ ფარმაცევტულმა კომპანიებმა ფასები ერთმანეთთან მოლაპარაკებით გაზარდეს, მაშინ ეს არის დარღვევა. ამით ირღვევა კონკურენციის კანონმდებლობა. თუმცა თუ ცალკეულმა კომპანიამ თავისი გადაწყვეტილებით ფასი მოუმატა, ვინაიდან საქართველოში არ რეგულირდება ფასნამატი, შეძენის ფასსა და საბითუმო ფასს შორის, ეს დარღვევა არ არის.

ჩვენ ასოციაცია დღესაც გამოვდივართ ინიციატივით, რომ ეს ნაწილიც დარეგულირდეს, ამის მერე აღარ იქნება საუბარი იმაზე, ვინ რამდენი პროცენტით მოუმატა ფასი. ამჟამად ეს არ რეგულირდება, რაც ნიშნავს, რომ ამას ჩვენ დარღვევას ვერ დავარქმევთ.”-ამბობს "ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის" დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები