მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დადებითი და უარყოფითი მხარეები - PSP

63539c62f218c
მარიამ დემეტრაშვილი
22.10.22 11:27
725
„პსპ“-ს ადმინისტრაციულმა დირექტორმა, მამუკა ბრეგვაძემ გადაცემაში „BMG DRIVE“ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, მომხმარებლისთვის დადებითი მხარეა ის, რომ კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასები განსაზღვრული იქნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში და არ შეიცვლება. რაც შეეხება უარყოფით მხარეს, მამუკა ბრეგვაძე ამბობს, რომ არის გარკვეულ პროდუქციაზე დეფიციტის შექმნის საშიშროება.

„რეფერენტული ფასების დადებითი მხარეა ის, რომ კონკრეტულ მედიკამენტზე უკვე განსაზღვრული აქვს სახელმწიფოს ფასი და მომხმარებელი, რომელიც ქრონიკულად მოიხმარს მას ყოველ გარკვეულ პერიოდში, დარწმუნებული იქნება, რომ გარკვეული პერიოდი ფასი არ შეიცვლება და მის შესაძენად გათვლილი ბიუჯეტი გათვალისწინებული იქნება, სანამ რეფერენტული ფასების გადახედვის დრო არ დადგება.

ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ, რომ მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი პროდუქტი და საქართველოში ხელმისაწვდომი იყოს ყველა ის პროდუქტი, რომელიც მსოფლიოშია, მათ შორის ინოვაციური წარმოებები. ამას გარკვეული ფინანსური რესურსი სჭირდება, ამიტომ ეს არ უნდა გამოგვრჩეს. მედიკამენტებზე სახელმწიფოს მიერ ფასების რეგულაციამ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარი ასახვა ჰპოვა. ამის გამო აზერბაიჯანში გარკვეულ მედიკამენტებზე დეფიციტი შეიქმნა. სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასები მსხვილი საერთაშორისო მწარმოებელი კომპანიებისთვის არ იყო საინტერესო, ამ ფასებად ამ ბაზარზე ყოფნა არ იყო მათთვის მისაღები და გავიდნენ ბაზრიდან. გაჩნდა იმ კონკრეტული დასახელებების დეფიციტი“, - განაცხადა ბრეგვაძემ.

მისივე თქმით, არსებობს შავი ბაზრის გაჩენის საშიშროებაც.

„როდესაც მოთხოვნა მაინც არის, ხოლო მიწოდება - არა, ამ დროს უკვე ჩნდება შავი ბაზარი. ამიტომ ძალიან სკულპულოზურად არის მისადგომი ეს საკითხი, რათა ეს ნიუანსები დავიცვათ და მომხმარებელმა რეალური შედეგი მიიღოს როგორც ფასის, ასევე ხარისხის და ხელმისაწვდომობის ნაწილში“, - თქვა მამუკა ბრეგვაძემ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები