მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მედიცინის ფაკულტეტზე კვოტების გაუქმებით, თსუ-მ ₾8 მილიონი დაკარგა, როცა შეეძლო, ₾20 მილიონამდე გაეზარდა შემოსავალი" - ვანო წერეთელი

ვანო წერეთელი

კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი და თსუ-ს პროფესორი ვანო წერეთელი შეფასებით, ხელისუფლება დედაქალაქში სტუდენტების დიდ კონცენტრაციას საფრთხედ აღიქვამს და უნგრეთისა თუ რუსეთის მსგავსად, დამოუკიდებელი საგანმანათლებლო კერების გაკონტროლებას ცდილობს.

განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს მან გადაცემა "ანალიტიკაში" სტუმრობისას შეაფასა და რეფორმა პოლიტიკურ მოტივებს დაუკავშირა.

"განათლების სისტემა იყო მეტ-ნაკლებად თავისუფალი, "ქართული ოცნება" ამ საზოგადოებას ვერ აკონტროლებდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს საზოგადოება თბილისში იყო კონცენტრირებული, რაც ქმნიდა მათთვის საშიშროებას, რომ რაღაც გამოწვევების დროს, ქუჩაში ამ ადამიანების სწრაფი თავშეყრა იყო შესაძლებელი. ეს, რა თქმა უნდა, არ აწყობდათ. ამიტომ, ამ მცოცავი ავტოკრატიის ეს ერთ-ერთი საცეცი აუცილებლად უნდა შევიდეს უნივერსიტეტებში. ამის მაგალითები არა მხოლოდ რუსეთში და ბელარუსში, არამედ უნგრეთშიც არის. იქაც, პირველ რიგში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებს დაარტყეს და გაანადგურეს. სწორედ ასე მოხდა აქაც", - ამბობს ვანო წერეთელი.

პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსურ და ინსტიტუციურ ზარალზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კვოტების შეზღუდვა ყველაზე მოთხოვნად და მაღალშემოსავლიან მიმართულებებს შეეხო, სამედიცინო მიმართულების ჩამორთმევამ კი თსუ-ს ყოველწლიურად მილიონობით ლარის შემოსავალი დააკარგვინა.

"ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, თუ რატომ არის ეს რეფორმა პრობლემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ რექტორს, ძალიან უნდა დაამტკიცოს, რომ ეს ასე არ არის და პირიქით, კარგია. მაგალითად ავიღოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი ყველაზე წარმატებული მიმართულება. ეს არის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), რომელსაც თითქმის 100%-იანი დასაქმება აქვს და შეუზღუდეს მისაღები რაოდენობა სტუდენტების; მეორე არის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტია და დასაქმების მაღალი მაჩვენებელი აქვს, იქაც შეუზღუდეს მისაღები სტუდენტების რაოდენობა; მესამე, ეს არის სამედიცინო მიმართულება, რომელიც გაუქმდა და რომელსაც ასევე ჰქონდა უფლება, მიეღო უცხოელი სტუდენტები. ამ უფლების შეზღუდვით უნივერსიტეტმა დაკარგა ყოველწლიური 8 მილიონი ლარი, რომელიც იყო მუდმივად მზარდი და სწორი პოლიტიკის პირობებში - მაგალითად, ქეთევან წამებულზე [გასხვისებული] მე-7 კორპუსის სამედიცინო სკოლად გადაკეთებით - შეიძლებოდა, 20 მილიონ ლარამდე ასულიყო", - ამბობს ვანო წერეთელი.

კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრმა "ანალიტიკას" ეთერში უნივერსიტეტებისთვის კვოტირებების დაწესების პროცესზე ისაუბრა. მისი განცხადებით, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებებს ზურგს არანაირი კვლევა არ უმაგრებს. ის აღნიშნავს, რომ გლობალიზაციისა და დისტანციური დასაქმების პირობებში, ბაზრის მოთხოვნების ხელოვნურად დათვლა და პროფესიებზე კვოტების დაწესება შეუძლებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პროცესი ნაჩქარევად წარიმართა:

"არანაირი შრომითი ბაზრის კვლევა არ არსებობს. როგორ შეიძლება დათვალო, თუ რამდენი ტექნოლოგი უნდა გაზარდო საქართველოში და სად არის მოთხოვნა, როცა ბაზარი გახსნილია? როგორც არ უნდა მუშაობდნენ ანტიგლობალისტები, გლობალიზაციას განათლებისა და დასაქმების სფეროებში ვერ შეზღუდავენ. როგორ დათვალეს, პირობითად, ფინეთში რამდენი სპეციალისტი სჭირდებათ? ბევრი სტუდენტი დღეს სწორედ ასე მუშაობს, უცხოურ ბაზრებზე. ამიტომ, თავისთავად, კვლევა არ იარსებებს, ანუ ვერ იქნება ვერანაირად ვალიდური, რა კვლევაც არ უნდა ჩაატარონ, მით უმეტეს რომ ეს კვლევა არ ჩატარებულა. საქართველოს ბაზრის კვლევაც არ ჩატარებულა. ორ თვეში და სამ თვეში ეს კვლევები არ ტარდება და ყველამ ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი", - ამბობს ვანო წერეთელი.

ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბერში უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა სრულად დაფინანსდება ბიუჯეტიდან. ამასთან, საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტრომ შრომის ბაზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც დაადგინა, როგორი იქნება შემდეგ უახლოეს რამდენიმე წელში შრომის ბაზრის მოთხოვნები, კვლევის შედეგების საფუძველზე კი უნივერსიტეტებში სხვადასხვა სპეციალობაზე კვოტები გამოყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები