მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეღვინეობა Ia’s Valleys-ი სამეგრელოში ახალი ტურისტული კომპლექსის შექმნას გეგმავს

იას ვენახები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდებარე მეღვინეობა Ia’s Valleys-ი ახალი ტურისტული მიმართულების განვითარებას გეგმავს.

კომპანიის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ლევან კონჯარია BM.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, მეღვინეობის ბაზაზე აგროტურისტული კომპლექსი და სასტუმრო უნდა მოეწყოს, რომელიც სამეგრელოში ღვინის ტურიზმის ახალ ცენტრად ჩამოყალიბდება.

„გარდა მეღვინეობისა, სხვა მიმართულებებითაც ვვითარდებით - შევიძინეთ საქონელი, გვყავს ძროხები, გვაქვს აუზი და ვგეგმავთ თევზის მოშენებას. ასევე, გვინდა, ყველის წარმოებაც დავიწყოთ. მომავალში კი, სასტუმროს აშენებას ვაპირებთ, რათა ზუგდიდში შეიქმნას თანამედროვე ტურისტული და გასტრონომიული ცენტრი. სამეგრელოში მსგავსი ტიპის ტურისტული სივრცე დღეს თითქმის არ არსებობს, მაშინ როცა კახეთსა და ქართლში ასეთი პროექტები საკმაოდ განვითარდა.

ადგილს უნიკალური ბუნება აქვს: მთაც ჩანს, ზღვაც, მდინარეც ახლოსაა. სამეგრელოში ასეთი ადგილი ცოტაა და ვფიქრობ, ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი იქნება“, - აღნიშნა ლევან კონჯარიამ.

მისივე თქმით, სასტუმროს მშენებლობა, სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყება, რისთვისაც დაახლოებით, 1.5 მილიონი ლარის ინვესტიციაა საჭირო.

Ia’s Valleys-ი, 2018 წელს შეიქმნა და ბიოორგანული, ტრადიციული ქვევრის ღვინის წარმოებაზეა ორიენტირებული. ამ ეტაპზე, კომპანიას 5 ჰექტარზე გაშენებული ოჯალეშის, ჩხვიტილურისა და სხვა მეგრული ჯიშის ვენახები აქვს და წარმოების გაფართოებაზე აქტიურად მუშაობს.

გარდა ამისა, მეღვინეობა საექსპორტო მოლაპარაკებებს გერმანიასთან აწარმოებს – წლის ბოლომდე იგეგმება პირველი სატესტო პარტიის, დაახლოებით, 300 ბოთლის გაგზავნა, რომლის ჩასაბარებელი ფასი 25 ევრო იქნება.

ამჟამად, Ia’s Valleys-ში 10-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო კომპანიის ყველა პროდუქტი – ყურძნიდან ღვინომდე – საკუთარი მოყვანილი ნედლეულით მზადდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები