მეღვინეობა „მუკუზანი ღვინის სარდაფი“ წლიური წარმოების გაორმაგებას გეგმავს. როგორც კომპანიის მთავარმა მეღვინემ, ვაკო ქათამაძემ BM.GE-სთან განაცხადა, ამ დრომდე თუ საწარმო წელიწადში 50,000-მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებდა, მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ 100,000 ბოთლამდე გაიზრდება.
მისივე ინფორმაციით, წარმადობის ზრდა საექსპორტო ბაზრებიდან გაზრდილი მოთხოვნითა და ახალი ბაზრების დამატების პოტენციალითაა განპირობებული.
„წარმადობის ზრდის მიზნით, მეღვინეობა სრულად გადაიარაღდა. ამის აუცილებლობა ექსპორტზე გაზრდილმა მოთხოვნამ და ახალი ბაზრების დამატებამ განაპირობა“, - თქვა ქათამაძემ.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის წარმოებული ქართული ღვინოები უკვე იყიდება ევროპასა და იაპონიაში, ხოლო მოლაპარაკებები მიმდინარეობს კორეასთან, აფრიკასა და ასევე, ღვინის სარეალიზაციო მასშტაბის ზრდა იგეგმება აშშ-ს ბაზარზეც.
ინფორმაციისთვის, „მუკუზანი ღვინის სარდაფი“ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. კომპანია გურჯაანის რაიონში, მუკუზანში 10 ჰექტარზე გაშენებულ ვენახს და რამდენიმე ბრენდს ფლობს, მათ შორის: Mukuzani Wine Cellar, Lomiauri Estate და EsCargot. 2025 წლის 12 აპრილს მეღვინეობამ სოფელ მუკუზანში სადეგუსტაციო სივრცე და ღვინის მუზეუმი გახსნა.




























