მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეღვინეობა „პონგინო ვაინი“ 2026 წლიდან კოტეჯების მშენებლობას იწყებს

PONGINO WINE

საგარეჯოში მდებარე მეღვინეობა „პონგინო ვაინი“ 2026 წლიდან კოტეჯების მშენებლობას იწყებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, გულნარა რომანაძემ BM.GE-ს უთხრა, პროექტის დაფინანსება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში შეღავათიანი აგროსესხით იგეგმება, რომლის დამტკიცებასაც ამ ეტაპზე ელოდებიან.

რომანაძის თქმით, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის გადაწყვეტილება ვიზიტორების მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა. მისივე თქმით, მცირე ჯგუფები, რომლებიც მეღვინეობას სტუმრობენ, ხშირად ითხოვენ ღამის გასათევს.

პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე ოთხი თემატური კოტეჯი განთავსდება, მათ შორის „მუსკატის ოთახი“, „საფერავის ოთახი“ და სხვა. თითოეული კოტეჯი ორი სტუმრის მიღებას შეძლებს, ხოლო დარჩენის მინიმალური ღირებულება საუზმით 180 ლარი იქნება. როგორც დამფუძნებელი აღნიშნავს, ყველაზე მაღალი ფასი „საფერავის ოთახს“ ექნება.

"დარჩენის მსურველების მოთხოვნა ძალიან დიდია. მცირე ჯგუფები, რომლებიც გვსტუმრობენ, მთხოვენ რომ ღამე ჩემთან დარჩნენ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თუ მექნებოდა დასარჩენი სივრცე, სტუმრები ჩემთანვე დარჩებოდნენ.

სივრცეში იგეგმება 4 კოტეჯის განთავსება, რომლებიც ერთმანეთისგან თემატურად იქნებიან განსხვავებული. მაგალითად, ეს იქნება "მუსკატის ოთახი", "საფერავის ოთახი" და ა.შ. მათში განთავსების ღირებულება იქნება განსხვავებული. თითოეულ კოტეჯში 2 ადამიანის განთავსება იქნება შესაძლებელი და ოთახის მინიმალური ღირებულება 180 ლარი იქნება”, - აცხადებს გულნარა რომანაძე.

„პონგინო ვაინ“ საგარეჯოში, სოფელ ხაშმში მდებარე მეღვინეობაა, რომელიც ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. მეღვინეობაში პრემიუმ კლასის ადგილწარმოშობის ღვინო - ხაშმის საფერავი, ქისი, მუსკატი და რქაწითელი იწარმოება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები