თბილისთან ახლოს, სოფელ ლისში მდებარე მეღვინეობა, რომელიც ბაზარზე 2023 წლიდან "მეღვინეობა ქამოს" ბრენდის ქვეშ ოპერირებს, მიმდინარე წელს საექსპორტო მიმართულებით მუშაობას იწყებს.
როგორც მეღვინეობის დამფუძნებელმა, ლევან ქამუშაძემ BM.GE-სთან განაცხადა, მეღვინეობამ ბაზარზე ოპერირება თავდაპირველად მცირე მარნით დაიწყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ ახალი მარანი ააშენა, სადაც 23 ქვევრი აქვს განთავსებული. მისი თქმით, აღნიშნული ქვევრებიდან, ამ დროისათვის მხოლოდ ხუთი ქვევრია ათვისებული და სამომავლოდ წარმოების ზრდაც იგეგმება.
„მარნის ასაშენებლად 134 000 დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, თუმცა მის სრულად მოსაწყობად კიდევ 100 000 დოლარია საჭირო.
ახალ მარანში, წელს პირველად ქისი და ხიხვი ერთად, ხაშმის საფერავი და გორული მწვანე დავაყენეთ. ჯამში, 1,5 ტონა ღვინო გამოგვივიდა, რაც 2000 ბოთლს გულისხმობს.
ბაზარზე ახლები ვართ. თავდაპირველად, ღვინო ადგილობრივ ბაზარზე, მაღაზიებში შეგვქონდა, მაგრამ მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ადგილობრივ ბაზარზე შესვლა შევწყვიტეთ. წელს კი, საექსპორტო მიმართულებით განვითარებას ვგეგმავთ. ამ ეტაპზე, მოლაპარაკებას ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან ვაწარმოებთ. კერძოდ გერმანიასთან, იტალიასთან და ლიეტუვასთან, სადაც წლის ბოლომდე ღვინის მცირე რაოდენობის ექსპორტი იგეგმება,“- აცხადებს ლევან ქამუშაძე.
მისივე ცნობით, წელს მარანში ცისტერნების დამატებაც იგეგმება, საერთო ჯამში, მეღვინეობა წარმოების 200%-ით ზრდას გეგმავს.