ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ მელიორაციის სექტორში განხორციელებულმა რეგულაციებმა მსოფლიო ბანკის დადებითი შეფასება მიიღო.
სემეკის ინფორმაციით, ბანკის შეფასებით, სემეკის მიერ შემუშავებული მარეგულირებელი ჩარჩო წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ ნაბიჯს გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და ანგარიშვალდებული საირიგაციო წყლის მართვისკენ. შეფასება ადასტურებს, რომ მელიორაციის სექტორში შექმნილი რეგულაცია სექტორის რეფორმის პრაქტიკული განხორციელების მნიშვნელოვანი ინსტიტუციური საფუძველია. მსოფლიო ბანკის მიერ აღინიშნა, რომ საქართველოს საირიგაციო სექტორში მოცულობითი ტარიფის სისტემაზე გადასვლის, საბითუმო და საცალო წყლის მომხმარებლებისთვის დიფერენცირებული სატარიფო მიდგომის ჩამოყალიბება შესაძლოა, სხვა ქვეყნებისთვის სასარგებლო გამოცდილებად იქცეს.
"სემეკის მიერ საქართველოს მელიორაციის სექტორში შეიქმნა ახალი მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს საირიგაციო წყლის მიწოდების უფრო გამჭვირვალე, წინასწარ პროგნოზირებადი და მომხმარებელზე ორიენტირებული წესების დამკვიდრებას. სემეკის მიერ დამტკიცებული რეგულაციები ქმნის საფუძველს, რომ მომხმარებელს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია წყლის მიწოდების პირობებზე, წყალსარგებლობის განრიგზე, მიწოდების წერტილზე, დარიცხვასა და საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმებზე", - იტყობინება სემეკი.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველი აპრილიდან მელიორაციის ახალი, გაძვირებული ტარიფები ამოქმედდა. შედეგად ერთი მორწყვის საფასური გაუმრიცხველიანებელი ფერმერებისთვის 116,5 ლარამდე გაძვირდა, მაშინ როცა აქამდე ფერმერებს ამ მომსახურებაში წლიურად მხოლოდ 75 ლარის გადახდა უწევდათ. დასავლეთ საქართველოში კი ტარიფი უფრო ნაკლები 45 ლარი იყო.
მთავრობის განკარგულებით, ტარიფი განისაზღვრა სხვადასხვა კულტურებზე, მაგალითად ერთწლიანი კულტურების ერთი მორწყვა 116.5 ლარი იქნება (დღგ ჩათვლით), მრავალწლიანი კულტურების მორწყვის ფასი კი 1ჰა ტერიტორიაზე 102 ლარი. ახალი ტარიფების დადგენის ფონზე კი, მთავრობა ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენებას ნაწილობრივ დაუსუბსიდირებს. კერძოდ, ახალი წესით მთავრობა სეზონზე სამ მორწყვას დაასუბსიდირებს, დანარჩენი თანხის გადახდა თავად ფერმერებს მოუწევთ.




























