სამართალდამცველებმა მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეების დაშლა, დილის 06:00 საათისთვის დაიწყეს.
მანამდე შსს-მ აქციის მონაწილეებს დასაშლელად 15 წუთის ვადა მისცა. ასევე, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მელიქიშვილის გამზირზე გადასულიყვნენ და ერთად დამდგარიყვნენ.
აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს სტვენითა და ტაშით დახვდნენ. ასევე, ისინი სკანდირებდნენ: საქართველო, საქართველო!
მელიქიშვილის გამზირიდან სამართალდამცავების დიდი ნაწილი 07:00 საათისთვის გაიყვანეს, რასაც აქციის მონაწილეები ოვაციებითა და ტაშით შეხვდნენ.
ამ დროისთვის მელიქიშვილის გამზირზე საპატრულო პოლიციის მხოლოდ რამდენიმე ათეული თანამშრომელი რჩება, რომელთაც მელიქიშვილის გამზირის დასაწყისში ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული და აქციის მონაწილეებს ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.
პოლიციელებმა აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან მელიქიშვილის გამზირზე გადმოიყვანეს. მომიტინგეები ჯერჯერობით სწორედ მელიქიშვილის გამზირზე რჩებიან.