მელიქიშვილის ქუჩაზე მიმდინარე საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დაიშალა. "კოალიცია ცვლილებების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დაშლის მიმართვით დემონსტრანტებს რამდენიმე წუთის წინ მიმართა და დასვენებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები შემდგომ სამოქმედო გეგმაზე შეჯერდებიან და საზოგადოებას გააცნობენ როგორ გააგრძელებენ პროტესტს.
"ჩვენ რაც გადავწყვიტეთ ის არის, რომ ახლა დავიშალოთ, წავიდეთ დავისვენოთ. დღის განმავლობაში ჩვენ გადავიგეგმებით და შეგატყობინებთ როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები ისეთი, რაც მათ მწყობრიდან გამოიყვანს, სავარაუდოდ, ალბათ ხვალისთვის. ასე რომ წავედით, დავიშალეთ, ძალები მოვიკრიბოთ და შემდეგ ყველამ ერთად გავაგრძელოთ ისევ პროტესტი", - მიმართა ზურაბ ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე მესამე ღამე გაათენეს. ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. 19 ნოემბრის დილას საპოლიციო ძალებმა გამზირზე მყოფი დემონსტრანტები ძალისმიერი გზით დაშალა, რასაც წინ უძღოდა შსს-ს მოწოდება ტერიტორიის გათავისუფლების მოთხოვნით. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო ტალღა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარეობდა, საღამოს კი დემონსტრანტებმა კვლავ თსუ-ს პირველ კორპუსთან გადასვლა შეძლეს და მთელი ღამე იქ იმყოფებოდნენ. დღეს დილით 06:00 საათისთვის შსს-მ აქციის მონაწილეებს დაშლის მოთხოვნით კვლავ მიმართა და შემდეგ საპოლიციო ძალებმა აიძულეს, რომ კვლავ მელიქიშვილის ქუჩაზე ჩამოსულიყვნენ. მელიქიშვილის გამზირიდან სამართალდამცველების დიდი ნაწილი 07:00 საათისთვის გაიყვანეს, რასაც აქციის მონაწილეები ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ.