მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მელიქიშვილზე, "ჯინო ჰოლდინგის" ახალი სასტუმრო Idea Collection-ის გახსნა მაისში იგეგმება

idea collection

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ახალი სასტუმრო Idea Collection-ის გახსნა მაისში იგეგმება. ამის შესახებ bm.ge-ის ქართულ-სლოვაკური „ჯინო ჰოლდინგში“ განუცხადეს, რომლის ინვესტიციითაც იხსნება სასტუმრო.

როგორც კომპანიაში განაცხადეს, ამ ეტაპზე ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და მაისიდან სასტუმრო სტუმრების მისაღებად მზად იქნება.

სასტუმრო Idea Collection-ი 67 ნომერს მოიცავს, რომლებიც როგორც ინდივიდუალურ მოგზაურებზე, ისე წყვილებსა და ბიზნეს სტუმრებზეა გათვლილი. სრული დატვირთვით, სასტუმრო დაახლოებით 130 სტუმრის მიღებას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროს გახსნა ჯერ კიდევ 2025 წლის პირველ ნახევარში იგეგმებოდა, თუმცა მისი გახსნა დაახლოებით ერთი წლით გადავადდა. მიზეზებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად “ჯინო ჰოლდინგში” განმარტეს, რომ გახსნის ვადის გადაწევა, ძირითადად, პროექტის კონცეფციის დახვეწასა და მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფასთან იყო დაკავშირებული. “გუნდისთვის პრიორიტეტული იყო, რომ თითოეული დეტალი, დიზაინიდან სერვისის სტანდარტებამდე, 5-ვარსკვლავიან გამოცდილებასთან სრულ შესაბამისობაში ყოფილიყო”, - აცხადებენ კომპანიაში.

პროექტის ბიუჯეტი 18 მილიონი ევროა. ეს ინვესტიცია სრულად როგორც სამშენებლო, ისე დიზაინის, ინფრასტრუქტურისა და ოპერაციული გამართვის ეტაპებს მოიცავს.

რაც შეეხება ფასებს, “ჯინო ჰოლდინგში” ამბობენ, რომ ფასები პოზიციონირებული იქნება პრემიუმ სეგმენტში, თუმცა ბაზრის კონკურენტულ გარემოსთან შესაბამისობაში. სასტუმრო შესთავაზებს მოქნილ ტარიფებს სეზონის, მოთხოვნისა და შეთავაზებების მიხედვით, რათა სტუმრებმა მაღალი ხარისხის გამოცდილება ადეკვატურ ფასად მიიღონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები