დედაქალაქის მერი კახა კალაძე კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმყოფებოდა, სადაც ვაკის პარკში დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო და მის მშობლებს ესაუბრა.
კახა კალაძემ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გოგონას ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„პირველ რიგში, დაზარალებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა, უმძიმესია ეს ყველასთვის და გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც. თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი“, - განაცხადა თბილისის მერმა.
შეგახსენებთ, რომ ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში, რომლის პროექტიც ექსპლუატაციაში მერიას უკვე მიღებული ჰქონდა, მოზარდებს დენმა დაარტყა. ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო მეორე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდები ვაკის პარკში თამაშობდნენ, მათ ბურთი წყალში ჩაუვარდათ და ამოსაღებად როცა ჩავიდნენ, დენმა დაარტყათ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება უკვე გააკეთა და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული.




























