მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეორე ფრონტის საქართველოში გადმოტანის რისკები არსად წასულა - ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბა
09.03.24 14:27
474

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში ქართული ოცნების პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გადმოტანის რისკები არსად გამქრალა და რომ საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" არჩევა არის უალტერნატივო გამოსავალი ქვეყნისთვის, რათა შენარჩუნებულ იქნას მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

„ზუგდიდში შევხვდით ჩვენი პარტიის აქტივს, ჩვენი ოჯახის წევრებს. ძალიან ბევრი არჩევნები გავიარეთ ერთად და მოვედით დღემდე, ძალიან დიდი გამარჯვებებით. ზუგდიდი ყოველთვის იყო გამორჩეული ცენტრი საქართველოში და სწორედ ამიტომ, საუბარი გვქონდა ჩვენი პარტიის გეგმებსა და შემდეგ ნაბიჯებზე.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ და დავსახეთ გეგმები, როგორ უნდა ვიაქტიუროთ მომდევნო თვეების განმავლობაში. სამი თვის განმავლობაში, ივნისამდე, ყველა რეგიონს მოვივლი და ამის შემდეგ მოვემზადებით, რომ ოფიციალური კამპანია დავიწყოთ. ეს არის წინა მოსამზადებელი პერიოდი. გავიხსენეთ, რა რთული მდგომარეობა იყო ზუგდიდში 2012 წელს. შემდეგ ყველა არჩევნებზე, ჩვენი ამომრჩეველი, სამეგრელოს და ზემო სვანეთის ამომრჩეველი, ღირსეულად და ძლიერად ედგა პარტიას გვერდით. სწორედ ჩვენი ამომრჩევლის მხარდაჭერით მივაღწიეთ ძალიან ბევრ გამარჯვებას. ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ქვეყანაში არის სტაბილურობა, მშვიდობა. შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი, სწრაფი ეკონომიკური ზრდა. თუმცა რისკები, რაც შარშან წინ და შარშან არსებობდა ქვეყნის წინაშე, გამოწვევები, რისკები, რაც უსაფრთხოებასა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართულობას, „მეორე ფრონტის“ გადმოტანას უკავშირდებოდა, არსად წასულა. ამ საკითხებზე ვისაუბრე ამომრჩეველთან, ჩვენი პარტიის აქტივთან და ვუთხარი, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი ჩვენი ხალხისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და რეალურად, დემოკრატია. კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო 2012 წელს. ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა არასოდეს დაბრუნდება იმ ტერორსა და უბედურებაში, რომელიც ქვეყანაში აგენტურის მიერ იყო დამყარებული. ხალხმა ნახა, რა უბედურება მოუტანა უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელმა ხელისუფლებამ და ქართველი ხალხის ინტერესების მოღალატე ხელისუფლებამ. ქვეყანა დაანგრიეს რეალურად. ამიტომ, არავის მივცემთ საშუალებას ხელმეორედ და სამუდამოდ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა. ამიტომაა მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, ამიტომ სჭირდება ჩვენს პარტიას მობილიზაცია. ამ მიზანს ემსახურება რეგიონებში ჩემი სიარული.

ასევე, სრულად პროპორციული არჩევნები პირველად ტარდება და ელექტრონულად ჩატარდება. აღარ იქნება მეორე ტურები. ამიტომ, საჭიროა, ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ესაა ჩვენი მიზანი და მთავარი გზავნილი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები