საქართველოს ექს-პრემიერი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ის ვერ მიესალმება უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების ლეგალიზებას ქვეყანაში. ბორჯომში პარტიული შეკრების შემდეგ მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ მისთვის აგენტი აგენტია და ასეთი ქმედება დასჯადია.
„ამ კანონის მიმართ მე, ეს ჩემი პირადი აზრია, როდესაც ხდება ასე ვთქვათ ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესის გატარებისა, მე ამას როგორც მოქალაქე არ მივესალმები. ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატია. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნები - რუსეთის, ამერიკის, აფრიკის თუ აზიის - მნიშვნელობა არ აქვს. აგენტი არის აგენტი. აგენტის ქმედება არის დასჯადი. ეს ღალატია. მეგობრების აგენტობა შეიძლება?
მე საუბარი მაქვს იმაზე, რომ დისკუსია იმაზე მიმდინარეობს შეიძლება თუ არა მეგობარი სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელი ვიყო - ეს ხომ კატასტროფაა. ამას თავში რომ დაუშვებს კაცი, მისი საქმე წასულია. როგორც შეიძლება საქართველოს მოქალაქემ სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატარებაზე იფიქროს. ინტერესი არსებობს ერთი - ეს არის საქართველოს ინტერესი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას იმ შემთხვევაში თუ ის ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.
„ქვეყანაში დღეს 31 000 არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს, ეს ერთი მხრივ შეიძლება კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ცოტა არაბუნებრივი სიტუაციაა. ყველა ფიქრობს რომ NGO-ს წარმომადგენელი გახდეს, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, არ მინდა ისე გამიგოთ, რომ წინააღმდეგი ვარ NGO-ების ან სამოქალაქო საზოგადოების, პირიქით მინდა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება იყოს. მაგრამ ეს ორგანიზაციები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კანონპროექტთან მიმართებით პარტნიორებთან მუშაობა და საუბარი მნიშვნელოვანია.
„არ შევდივარ ამ კანონის შინაარსში, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან - ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. მომხრე ვარ იმის რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა. ეს უნდა გავაქარწყლოთ, ეს უნდა მოიხსნას ჩვენს შორის. დღეს რთული სიტუაციაა, ქვეყანას სხვა უამრავი გამოწვევა აქვს...
...უნდა დასრულდეს უცხო სახელმწიფოს ინტერესების გაფეტიშება. ყველას პატივი უნდა ვცეთ, ჩვენ უნდა შევიძინოთ მეგობრები, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცავდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.