მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორგანიზაციას, რომლის კვლევითაც "რუსულ კანონს" მოსახლეობის მაღალი მხარდაჭერა აქვს, არც თეა წულუკიანი ასახელებს

წულუკიანი
20.05.24 14:08
2139

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაერთხელ, მათ შორის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სოციოლოგიური კვლევის შედეგად, უშუალოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მოსახლეობის 60%-ზე მეტი, არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას კი 80%-ზე მეტი უჭერს მხარს, თუმცა არ ასახელებს ორგანიზაციას, რომელმაც შესაბამისი კვლევა ჩაატარა.

BMG-იმ ვიცე-პრემიერს, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს ჰკითხა, რომელ ორგანიზაციას ეკუთვნის შესაბამისი კვლევა, თუმცა ორგანიზაციას არც წულუკიანი ასახელებს.

თეა წულუკიანი: პრემიერ-მინისტრმა გიპასუხათ არაერთხელ, რომ ეს ჩაატარა რესპექტაბელურმა ორგანიზაციამ. რესპექტაბელობაში იგულისხმება პროფესიონალიზმი, მიუკერძოებლობა და სოციოლოგიური კვლევების ჩატარების სფეროში დიდი გამოცდილება. თქვენ თუ ამ ორგანიზაციის გვარი, სახელი იმისთვის გინდათ, რომ მათი არასრულწლოვანი შვილები შეაშინოთ... პირადად თქვენ, რა თქმა უნდა არ გგულისხმობთ.

BMG: საქმიანი კითხვა დავსვი და გთხოვთ, საქმიანად მიპასუხოთ, ირონიის გარეშე.

თეა წულუკიანი: თავდასხმა და ბულინგი თუ არის მისაღები, ირონიაც მისაღებია.

BMG: სანდოობისთვის გვჭირდება. რატომ არის კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაცია საიდუმლო? ერთ თვეზე მეტია ახალგაზრდები ქუჩაში დგანან, შეგიძლიათ მათაც მისცეთ კვლევა, რომ წაიკითხონ?

თეა წულუკიანი: ახსნილი იქნა, რომ ეს არის გამჭვირვალე, მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია. მესმის, რომ შედეგი შეიძლება არ მოგწონდეთ. ამ კვლევას თუ გნებავთ ნუ ენდობით, 17 მაისის ქუჩის კადრებს ჩახედეთ, ეს იყო რეფერენდუმი, რომელმაც როგორც ვხედავ მწარე ღიმილი მოგგვარათ და ძალიან გამწარდა ამ კანონის მოწინააღმდეგე ზოგიერთი ოპონენტი.

BMG: ანუ კვლევის ავტორს არ გვისახელებთ?

თეა წულუკიანი: კვლევის შედეგია, რომ თქვენდა სამწუხაროდ, საზოგადოების 80% ამბობს, რომ გამჭვირვალობა აუცილებელია, ამ კანონს ძალიან დიდი უმრავლესობა, 60% უჭერს მხარს.

BMG: მმართველი პარტია ვერ ასახელებს ორგანიზაციას, რომელმაც კვლევა ჩაატარა. ესეც უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა. გასულ წელს კანონის გაწვევა მოგიწიათ. წელს, უფრო დიდი ხანია, უფრო მეტი ადამიანი დგას ქუჩაში. ხომ შეგიძლიათ პატივი სცეთ ამ მოქალაქეებს და თქვათ, ვინ ჩაატარა კვლევა?

თეა წულუკიანი: ვერ კი არა, არ ასახელებს. ამ მოქალაქეებმა საკუთარი სამშობლოს სუვერენიტეტს უნდა სცეთ პატივი. მესმის, რომ არც ამ კვლევის შედეგს ენდობით და არც ის გაინტერესებთ, რას გპასუხობთ. მაგრამ თქვენ რომ მე მენდობოდეთ, ეს იქნებოდა ჩემთვის რეპუტაციული პრობლემა. ამდენი ადამიანი რომ გამოდის ქუჩაში და გეუბნებათ, რომ უარს არ იტყვის თავის ღირებულებებზე, ესეც არ არის თქვენთვის არაფერი და რაში გაინტერესებთ ვინ არის კომპანია.

BMG: გასაგებია, პასუხი არ გაქვთ.

თეა წულუკიანი: პასუხი მაქვს, რომელსაც ვერ მოისმენთ, იმიტომ, რომ იმ პასუხის მოსასმენი არხები დიდი ხანია დახშული გაქვთ, რომელი პასუხიც ჩვენ გვაქვს თქვენთვის.

BMG: გთხოვთ, შეურაცხყოფას ნუ მაყენებთ.

თეა წულუკიანი: შეურაცხყოფა ის არის, როდესაც თქვენ, ამდენი თვეა მაუწყებლობთ საქართველოს დასასუსტებლად. ესაა ქვეყნის შეურაცხყოფა, თორემ თქვენგან შეურაცხყოფებს ჩვენც მიჩვეული ვართ და ვინც ხმას აძლევს კანონს, იმ ადამიანების ოჯახის წევრებიც. ამიტომ, თქვენგან ნამდვილად არაფერი არ გვიკვირს. წიხლის ამბავია...

BMG: გთხოვთ, კორექტულობა...

თეა წულუკიანი: კორექტულობა ის არის, როდესაც პასუხს გცემენ მოუსმინოთ და თუ კითხვას მხოლოდ იმიტომ სვამთ, რომ პატრონს ასიამოვნოთ, მაშინ....

BMG: ვინ არის ჩემი პატრონი, გეცოდინებათ?

თეა წულუკიანი: ეს თქვენ გეცოდინებათ და გამჭვირვალობის კანონი გაიძულებთ თქვათ.

BMG: კარგია, რომ გიჭირთ იარლიყი მომაკრათ. ეს მხოლოდ კარგად მეტყველებს BMG-ზე.

თეა წულუკიანი: თქვენ იძულებული გახდებით, ზოგიერთი კოლეგის მსგავსად, როდესაც ეს კანონი იქნება მიღებული, მართლა გვითხრათ ვინ გავალებთ ასეთ ქმედებას ქვეყნის დასასუსტებლად.

BMG: არ ვიცი თქვენ როგორ იცნობთ მაუწყებლობის შესახებ კანონს. ჩვენ ისედაც კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ვაბარებთ დეტალურ ანგარიშს.

თეა წულუკიანი: ამას ამბობს ყველა, ისედაც გამჭვირვალე ვართ... ისინი ვინც ხართ კარგები, იმ ცნობილი ლექსის არ იყოს, მოგიწევთ იყოთ კიდევ უკეთესები. იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი არასამთავრობო სექტორი ასეთი გვინდა. მოგიწევთ, რომ კიდევ უფრო კარგი ანგარიშები ჩააბაროთ, რომ იყოთ კიდევ უფრო გამჭვირვალე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები