საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.
საქსტატის 2024 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1,367,200-ით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1,699,300 შეადგინა.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 6.0%-ით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 6.2 %-ით გადააჭარბა.
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 722,900-ით განისაზღვრა, რაც 7.8 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
სააქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 39.2 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 16.0 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 8.6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 379.4 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 373.9 ათასი ვიზიტი თვეში).
გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 264.2 მილიონი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებელი 13.2 %-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 6.6 პროცენტით და 155.5 ლარს გაუტოლდა.