მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეორე ვადით პრეზიდენტობას შემოთავაზების შემთხვევაშიც არ ვაპირებ - გვენეტაძე

63da2f8f39c89
შოთა ტყეშელაშვილი
01.02.23 13:36
767
სტატიაში საუბარია:
თვის ბოლოს კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს დატოვებს - დღეს სებ-ის პრეზიდენტის რანგში გვენეტაძემ ბოლოჯერ მიიღო მონაწილეობა რეფინანსირების განაკვეთის გადაწყვეტის სხდომაში და მის შესახებ ბოლო ბრიფინგი გამართა. მას BMG-იმ სამომავლო გეგმების შესახებ დაუსვა კითხვა. გვენეტაძის თქმით, ის შემოთავაზების შემთხვევაშიც არ დათანხმდება ეროვნული ბანკის მეორე ვადით პრეზიდენტობას.

"დიდი პატივი იყო ჩემთვის ასეთი მაღალპროფესიული უწყების ხელმძღვანელობა. მეც ყოველთვის ვცდილობდი, რომ კიდევ უფრო გამეზარდა პროფესიონალიზმი ამ ორგანიზაციის. ერთი ვადა 7 წელი იყო საკმარისი, გამოწვევებით იყო სავსე, ვფიქრობ ჩემთვის, უფრო საინტერესო იქნება უკვე სხვა მიმართულებით და სხვა პოზიციაზე მუშაობის გაგრძელება. მეორე ვადით მუშაობას შემოთავაზების შემთხვევაშიც არ ვაპირებ", - თქვა კობა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძემ სებ-ის პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებაც გააკეთა განმარტება. მისი თქმით, მცდარია მოსაზრება თითქოს სებ-ის პრეზიდენტს პარლამენტი ირჩებს, მაშინ როდესაც ამ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის საბჭო იღებს, ხოლო საბჭოს წარდგინებით პრეზიდენტობის კანდიდატს პოსტზე საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს.

“იმისთვის, რომ პირი გახდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ის უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს ასახელებს ქვეყნის პრეზიდენტი, ეს კანდიდატურა იგზავნება პარლამენტში, შემდეგ ხდება განხილვა და დამტკიცების შემდეგ პიროვნება ხდება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. 9 წევრისგან შედგება, ამჟამად ერთი ვაკანტური ადგილია. შემდეგ უკვე როდესაც აღარ ეყოლება სებ-ს პრეზიდენტი, საბჭო განიხილავს ამ საკითხს და შეარჩევს პრეზიდენტს. საბჭო შეარჩევს პრეზიდენტობის კანდიდატურას და შემდეგ ის დამტკიცდება ქვეყნის პრეზიდენტის ხელმოწერით. ხშირად ამბობენ, რომ პარლამენტი დაამტკიცებს პრეზიდენტს, არ არის ეს ასე, მას ირჩევს საბჭო და ამტკიცებს ქვეყნის პრეზიდენტი,”- აცხადებს გვენეტაძე.

ეროვნული ბანკის საბჭო კანონმდებლობის მიხედვით 9 წევრისგან შედგება. ამჟამად ის 8 წევრისგან არის შემდგარი, ხოლო კობა გვენეტაძის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ საბჭოს შემადგენლობა 7 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული. სებ-ის საბჭოს წევრებს პარლამენტი 7 წლით ამტკიცებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები